გეგეშიძე მიხეილ კირილეს ძე

გეგეშიძე მიხეილ კირილეს ძე (7. X. 1918, თბილისი, – 22. XII. 1982, იქვე), ეთნოგრაფი და სოციოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1994, სიკვდილის შემდეგ).

დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1939). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1948-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ისტორიის ინ-ტში, ერთდროულად 1949-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში. 1951–54 იყო ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ეთნოგრ. განყ-ბის გამგე; 1954–59 – საქართვ. მეცნ. აკად. საზ. მეცნიერებათა განყ-ბის სწავლული მდივანი; 1961–66 – ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის საქართვ. ეთნოგრ. განყ-ბის გამგე; 1966–82 – ამავე ინ-ტის კონკრეტულ სოციოლოგიურ გამოკვლევათა განყ-ბის ხელმძღვანელი. მისი შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის ისტ. და ეთნოგრ., აგრეთვე ზოგადად კულტურის ისტ. კარდინალურ პრობლემებს (სამეურნეო ყოფა და კულტურა, თანამედროვე ყოფა და კულტურა, ეთნიკური კულტურა და ტრადიციები, ეკოლოგიის კულტ.-ისტ. და სოც. პრობლემები, კონკრეტული სოციოლოგიის საკითხები და სხვ.). ქართ. ეთნოგრ. მასალაზე დაყრდნობით წარმოაჩინა ბორბლის წარმოშობისა და განვითარების შესაძლებელი გზა. უძველეს ხანაში ჩასახულ სარწყავ მიწათმოქმედებას დაუკავშირა კულტ. მცენარეთა მრავალგვარობა საქართველოში; დაამუშავა ეთნიკური კულტურების დაახლოებისა და ურთიერთგამდიდრების პრობლემა; თანამედროვეობაში ეთნიკური ტრადიციების გონივრული გამოყენების მიზნით გამოავლინა მათი ბუნება, სტრუქტურა და ფუნქციები, შეისწავლა მათი სტაბილურობა და ტრანსფორმაციის საკითხები; ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ისტ. სურათის ფონზე წამოჭრა თანამედროვე ეკოლოგიის საკითხები, პირველმა ქართვ. მეცნიერთა შორის გამოიყენა კონკრეტულ-სოციოლოგიურ კვლევათა მეთოდები საქართველოს მთის რეგიონთა სოციალური განვითარების პრობლემათა შესასწავლად.

თხზ.: ქართული ხალხური ტრანსპორტი, თბ., 1956; სარწყავი მიწათმოქმედება საქართველოში, თბ., 1961; საქართველოს მთის ზოლის მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური აქტივიზაციის საკითხები, თბ., 1975; ეთნიკური კულტურა და ტრადიციები, თბ., 1978; საზოგადოებრივი აზრი და სოციალური განვითარების კონკრეტული შესწავლა, თბ., 1978 (თანაავტ.); გიორგი ჩიტაია – ქართული საბჭოთა ეთნოგრაფიის ფუძემდებელი, თბ., 1980; ეკოლოგიის კულტურულ-ისტორიული და სოციალური პრობლემები საქართველოში, თბ., 1981; Орошаемое земледелие в Грузии, Тб., 1990.

ნ. ბრეგაძე