გეგეჭკორი გივი ილიას ძე

გეგეჭკორი გივი ილიას ძე (24. I. 1933, თბილისი, – 2002, იქვე), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1956). 1957–77 მუშაობდა ჟურნ. „ცისკარში“; წლების მანძილზე იყო საქართვ. მწერალთა კავშირის ლიტ. კონსულტანტი. გ-ის პირველი ლექსები დაიბეჭდა თსუ-ის ლიტ. ალმანახ „პირველ სხივში“ 1952; პირველი პოეტური კრებ. „მზიანი დღე“ გამოსცა 1963. ავტორია ათზე მეტი წიგნისა, რ-თა შორის აღსანიშნავია „ახალი აბზაცი“ (1968), „ჩვენი დღესასწაულები“ (1971), „მდორე მდინარე“ (1974), „მსახური“ (1977), „წელიწადის მეხუთე დრო“ (1978), „ასკილის ფურცლები“ (1981), „ლექსები, პოემები“ (1983), „სიზმრის წიგნი“ (1988). გ-ის პოეზიაში ორგანულად არის შერწყმული ეროვნ. პოეზიის გამოცდილება და თანამედროვე მსოფლიო პოეზიის ტენდენციები. გ-მ პრინციპულად აიღო ორიენტაცია სადა აზროვნებასა და ნათელ სტილზე, აგრძელებდა ქართ. კლასიკური პოეზიის ეთიკ.-ესთეტ. ძიებებს. მან თავისი წვლილი შეიტანა ლირ. პოემის დამკვიდრებაში. ავტორია 5 ლირ. პოემისა: „სეზამ, გაიღე“ (1961), „მზიანი დღე“ (1962), „სინათლის წრეში“ (1964), „მეთხუტმეტე პალატა“ (1967), „ტრანზისტორი“ (1969). ეკუთვნის საბავშვო ლექსების 3 წიგნი: „ლხინი იქით, ლხინი აქეთ“ (1970), „ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“ (1974), აგრეთვე „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“ (1988); გ-მა თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, გ. აპოლინერის ნაწარმოებები, ალენ-ფურნიეს „დიდი მოლნი“ (ი. გეგეჭკორთან ერთად), „ფრანგული პოეზია“ (1968, 1977, 1984), ჰ. მელვილის „მობი-დიკი“ (ტ. ჭანტურიასთან ერთად, 1967), „როლანის სიმღერა“ (1972), ეკუთვნის აგრეთვე წერილების კრებ. „სიკეთის ტოტი“ (1985). მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე. აკაკი წერეთლის სახ. პრემიის ლაურეატი (1993).

თხზ.: ლანდი სარკეში, თბ., 2005; ასი ლექსი, თბ., 2010.

თ. დოიაშვილი