გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე

გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე [20. I. (1. II). 1881, მარტვილი, – 5. VI. 1954, პარიზი], პოლიტიკური, სახელმწ. და საზოგადო მოღვაწე, ქართ. სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი. იურისტი, პუბლიცისტი. ახალგაზრდობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა რევ. მოძრაობაში. III სახელმწ. სათათბიროს წევრად (1907–12) აირჩიეს ქუთ. გუბერნიიდან, სადაც ს.-დ. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1909 შევიდა რუს. პოლიტ. მასონობის ორგანიზაციაში. მონაწილეობდა საქართვ. საზ. ორგანიზაციების მუშაობაში. 1915 იანვ. შეიყვანეს ა. წერეთლის დამკრძალავ ქუთ. კომისიაში. 1917 თებ. რევ. შემდეგ, აპრილში, აირჩიეს კავკ. არმიის სამხარეო საბჭოსა და მუშათა დეპუტატების სამხარეო საბჭოს გაერთ. ცენტრის თავ-რედ. ოქტ. რევ. შემდეგ, ნოემბერში, ამიერკავკ. საზ. წარმომადგენელთა იმ თათბირს თავჯდომარეობდა, რ-ზედაც გადაწყდა ამიერკავკ. ხელისუფლების ორგანიზაცია.

1917 ნოემ. – 1918 აპრ. გ. ამიერკავკ. კომისარიატის თავ-რე და შრომის მინისტრი, ამიერკავკ. სეიმის მთავრობის თავ-რე და სამხ. მინისტრი იყო. გ., სოც.-დემ-ის მცდარი ეროვნ. პოლიტიკიდან გამომდინარე, მათ შორის იყო, ვინც უარი თქვა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკებისთვის წარმომადგენლების გაგზავნაზე, რამაც შელახა საქართველოს ინტერესები. 1918 მარტში უარი განაცხადა ბრესტ-ლიტოვსკის დაზავების ცნობაზე. ამიერკავკ. მმართველობის სათავეში ყოფნის დროს დაიწყო აგრ. რეფორმისა და სხვა სოც. ღონისძიებების გატარება. 1917–21 იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს – პარლამენტის, საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრი, 1918-იდან – საქართველოს დემოკრ. რესპ. საგარეო საქმეთა მინისტრი. აქტიურად იყო ჩაბმული საქართვ. პოლიტ. ცხოვრებაში. 1918 ივნისში მონაწილეობდა საქართვ.-თურქ. მოლაპარაკებაში, 1919 – თბილისში მოხალისეთა არმიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში და სხვ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, გარკვეული როლი შეასრულა 1920 წ. 7 მაისის საქართველო-რუსეთის საზავო ხელშეკრულების დადებაში. 1920 წარმატებით იმოგზაურა ევროპაში, რათა მიეღწია იმისათვის, რომ ევრ. სახელმწიფოებს ეცნოთ საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკა.

1921 წ. 17 მარტს ბათუმში ჩატარებული მთავრობის რეორგანიზაციის შემდეგ გ. კვლავ მინისტრად დარჩა. ამავე წლის მარტშივე ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში. მონაწილეობდა ქართვ. პოლიტ. ემიგრანტთა საქმიანობაში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

ლიტ.: შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეს, წგ. 3, თბ., 1993.

უ. სიდამონიძე