გეგეჭკორი მერაბ ვლადიმერის ძე

გეგეჭკორი მერაბ ვლადიმერის ძე (23. VIII. 1919, მარტვილი, – 18. III. 1977, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1972). დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1940) და ჩაირიცხა თბილ. რუსთაველის სახ. თეატრის დასში. 1942–43 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, 1943–45, 1946–47 იყო ბათ. თეატრში, ხოლო 1947-იდან – კვლავ რუსთაველის სახ. თეატრში. შესრულებული აქვს 100-ზე მეტი როლი, მ. შ. აღსანიშნავია ხიტუ ბეგია (ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია“), ერიომინი (პ. მალიარევსკის „ქარიშხლის წინ“), ბარტოლუსი (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), სევერიან ადონაია (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ბერი (ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“), არტურ კელერი (უ. გიბსონის „სასწაულმოქმედი“), გოლა (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), გვადი ბიგვა (ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა“), პატრიარქი (გ. ლესინგის „ნათან ბრძენი“) და სხვ.

1947-იდან იღებდნენ კინოში. მონაწილეობდა ფილმებში: „ქეთო და კოტე“ (თავადი, რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1948), „მაგდანას ლურჯა“ (კინტო, რეჟ-ები: თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955), „ეთერის სიმღერა“ (მელიტონ ბალანჩივაძე, რეჟ. ს. დოლიძე, 1956,), „პირადად ცნობილია“ (მენშევიკი ჩხეიძე, რეჟ-ები: ს. გევორქოვი, ე. კარამიანი, 1957, „არმენფილმი“), „არდადეგებზე“ (პაპა ნიკა, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1962), „გზაში“ (კლემენსო, რეჟ.ნ. მჭედლიძე, 1964), „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ (ოფიციანტი, რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1967), „მალე გაზაფხული მოვა“ (კალისტრო, რეჟ. ო. აბესაძე, 1967), „ტარიელ გოლუა“ (როსტომი, მამასახლისი, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1968), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (მსახიობი, რეჟ. დ. რონდელი, 1968), შეასრულა ეპიზოდური როლები ფილმებში: „ღიმილის ბიჭები“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1969), „ფილატელისტის სიკვდილი“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1969), „დიდოსტატის მარჯვენა“ (რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), „წუთისოფელი“ (რეჟ-ები: შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971), „ანარეკლი“ (რეჟ. ო. აბესაძე, 1974), „მოლანდება“ (რეჟ-ები; გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, შ. მარტაშვილი, 1975) და სხვ.

გ. სისტემატურად მონაწილეობდა რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, გამოდიოდა ესტრადაზეც. იყო მკაფიოდ გამოკვეთილი სახასიათო მსახიობი. მცირე, ზოგჯერ ეპიზოდურ როლებსაც კი შთამბეჭდავ ძალას ანიჭებდა და დასამახსოვრებელს ხდიდა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ა. გვენცაძე

მ. კერესელიძე