გეგის მღვიმე

გეგის მღვიმე, კარსტული მღვიმე გაგრის მუნიციპალიტეტში, გეგის ხეობის მარჯვ. ფერდობზე, რიწის გზატკეცილის 24-ე კმ-ზე, ზ. დ. 250 და მდინარის დონიდან 44 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ კირქვებში, რეგიონული რღვევის ხაზის არეალში. მღვიმის წინა 55 მ-იან მონაკვეთს სიფონამდე გვირაბის ფორმა აქვს (სიმაღლე 5–7 მ, სიგანე 4–5 მ); სიფონური ტბების სისტემით მღვიმე გაყოფილია ცალკეულ მონაკვეთებად. პირველი სიფონური ტბა არის 55-ე მ-ზე, შესასვლელიდან 1200 მ-ზე ძირითადი ტალანი იხშობა გრძელი სიფონური დერეფნით. მღვიმეს უმთავრესად სუბჰორიზონტული ფსკერი აქვს. ალაგ-ალაგ „დატეხილია“ საკმაოდ მაღალი საფეხურებით. ზაფხულში წყლის ნაკადის ხარჯი 40 ლ/წმ. აქვს მრავალრიცხოვანი განშტოებები. გაბმული წვიმებისა და თოვლის დნობისას მღვიმის მნიშვნელოვანი ნაწილი წყლით ივსება. ძირითადი მაგისტრალის პარალელურად და მასზე დაბალ დონეზე მდებარეობს წყლით მთლიანად გამოვსებული დერეფანი, რ-იც მთავარ ტალანს სიფონური ტბებით უკავშირდება. მათში ბინადრობენ გვერდმცურავები და რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის გამჭვირვალე უთვალებო თევზები. მღვიმის ჯამური სიგრძეა 2250 მ, ფსკერის ფართ. – 9600 მ², მოცულობა – 86000 მ³.

ლიტ.: Дублянский В. Н., Тинтилозов З. К. и др., Крупные карстовые полости СССР, т. 3, Киев, 1987.

ზ. ტატაშიძე