გეგის ჩანჩქერის მღვიმე

გეგის ჩანჩქერის მღვიმე, კარსტული მღვიმე გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის კირქვულ მასივზე, 650 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ კირქვებში ტექტონ. ნაპრალის გასწვრივ. მღვიმის შესასვლელიდან ეშვება 55 მ სიმაღლის ჩანჩქერი (მდ. გეგის ერთ-ერთი მარჯვ. შენაკადი). მღვიმეში გაედინება ნაკადი, რ-იც გზადაგზა აჩენს ტბებსა და სიფონებს. მღვიმურ ტალანს მეტწილად ოვალური კვეთი აქვს. მისი საშ. სიგანე და სიმაღლე 6–7 მ შეადგენს. ფსკერი სიღრმეში თანდათან მაღლდება თითქმის 100 მ-დე. შესასვლელიდან 50 მ დაშორებით პირველი სიფონია, მე-100 მ-ზე – მეორე, რ-ის მაქს. სიღრმე 20 მ აღწევს. მღვიმის გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიგრძე 300 მ-ზე მეტია, ფართ. – 2000 მ², მოცულობა – 3000 მ³. გეგის ჩანჩქერი და მღიმე მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს.

ლიტ.: Дублянский В. Н., Тинтилозов З. К. и др., Крупные карстовые полости СССР, т. 3, Киев, 1987.

ზ. ტატაშიძე (ტინტილოზოვი)