გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საერო დანიშნულების ნაგებობა ქუთაისის სამხრ-ით 7 კმ-ზე, სადგ. რიონის მახლობლად მდ. რიონის მარცხ. ნაპირის გაშლილ ველზე. ყველაზე ადრეული ისტ. ცნობა გ. ს-ის შესახებ XII ს-ისაა. ჟამთააღმწერლის მიხედვით გ. ს. ქართვ. „მეფეთა ტახტის“ ციხედარბაზი იყო. სრულიად საქართველოს მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია საქართვ. ერთიანობის ხანაში. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თამარი თანამოსაყდრედ. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ გ. ს. იმერეთის მეფეთა ერთ-ერთ მთავარ ციხე-დარბაზს წარმოადგენდა. გ. ს. ზოგადად გამოხატულია 1737 დას. საქართვ. რუკაზე, პირველი დაწვრილებითი აღწერილობა და ცნობები მოიპოვება დიუბუა დე მონპერეს თხზულებაში, რ-ის მიხედვით, იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ გ. ს-ის სტიქიური ნგრევა დაიწყო, რაც შეწყდა რუს. იმპ. ალექსანდრე I-ის ბრძანებით, მისი 1823 იმერეთში სტუმრობის დროს. 1953 და მომდევნო წლებში ჩატარდა ძეგლის რესტავრაცია (არქიტ. ვ. ცინცაძე). 1953–56 ძეგლის გასაწმენდად და გასამაგრებლად ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად გამოვლინდა სასახლის მშენებლობის სამი ძირითადი ქრონოლოგიური ფენა (ნანგრევებს 2000 მ²-ზე მეტი ფართობი უჭირავს). ყველაზე ადრინდელი ნაწილია VIII–IX სს. ბუხრიანი ოთახი (ე. წ. „სანადირო სახლი“), XII ს-ში გიორგი III-ის დროს აგურისგან ააშენეს დიდი დარბაზი, რ-იც მაღალ, თლილი ქვით ნაგებ თითქმის სამმეტრიან ცოკოლზე დგას. მეფეთა ვრცელი დარბაზი 14 მ-იანი დიამეტრის გუმბათითაა დაგვირგვინებული. დარბაზის ოთხივე მხარეს ჯვრის მკლავების მსგავსად განლაგებული იყო კამარებით გადახურული ღრმა უბეები, რითაც ინტერიერში იქმნებოდა დიდი ჯვრისებრი სივრცე. მთავარ დარბაზს ეკვრის საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა სახის სადგომები (საწოლი ოთახები, სალარო, საგანძური, აბანო, სამზარეულო და სხვ.); უკანასკნელ ფენას მიეკუთვნება XIII ან XIV სს. ორსართულიანი მინაშენი დას. მხრიდან და სასახლის ეკლესია. მთელ ნაგებობას გარედან შემოყოლებული აქვს კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯებით გამაგრებული გალავანი.

ლიტ.: წილოსანი ვ., გეგუთი. ციხე-დარბაზი, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938.

თ. ბერაძე

ი. ციციშვილი