გეგუჩაძე გრიგოლ ვარლამის ძე

გეგუჩაძე გრიგოლ ვარლამის ძე (29. II. 1914, ბათუმი, – 24. X. 1969, თბილისი), მომღერალი (ლირ.-დრამ. ტენორი). საქართვ. დამს. არტისტი (1954). 1944–56 თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. წარმატებით ასრულებდა ტენორის წამყვან პარტიებს როგორც ქართ., ისე კლასიკურ ოპერებში. პარტიები: შოთა (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), მასხარა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), ლაშქარა, ზაქრო (ა. ანდრიაშვილის „ლაშქარა“, „კაკო ყაჩაღი“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარდოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), რადამესი (ჯ. ვერდის „აიდა“), ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი“), გერმანი, ვოდემონი, ანდრეი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, „იოლანტა“, „მაზეპა“), კანიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“) და სხვ. 1956-იდან მუშაობდა მოსკ. კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახ. მუს. თეატრში. საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა ყოფ. სსრკ ქ-ებში.

მ. გედევანიშვილი