გედევანიშვილი იონა

გედევანიშვილი იონა (ერისკაცობაში – ივანე) (1737–1821, მოსკოვი), მწერალი. 1756 რუსეთში გაჰყვა თავის მასწავლებელს ანტონ I კათოლიკოსს. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანტონმა მცხეთის ჯვრის არქიმანდრიტად აკურთხა. 1785-იდან რუისის მიტროპოლიტი იყო. რაღაც დანაშაულისათვის ერეკლე II-ის განჩინებით საეკლ. კრებამ ეპარქია ჩამოართვა და იძულებით განაწესა დავითგარეჯის უდაბნოში. გ. იმერეთში გაიპარა, მაგრამ არ შეიწყნარეს და თბილისში დააბრუნეს. აქედან ის ახალციხეს გაიქცა, კონსტანტინოპოლოში ჩავიდა და შემოიარა აღმოსავლეთის ქვეყნები. აღმოსავლეთში ეკლესიათა პატრიარქებს მისთვის მღვდელმთავრის ხარისხი აღუდგენიათ. გ-მა იმოგზაურა ევროპაში, ერთხანს მოლდავეთში იყო, სადაც პოტიომკინის კარზე დიპლ. მისიით ჩასულ ქართვ. მოღვაწეებს შეხვდა. გ. აქტიურად ჩაება რუს. კულტ. ცხოვრებაში. იყო სას. წიგნების გამომცემელი საზ-ბის წევრი. ეკატერინე II-მ რუსეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დიდი პენსია დაუნიშნა. 1792-იდან ცხოვრობდა კიევში, 1795-იდან – მოსკოვში. თავისი მოგზაურობა (1805–10) გ-მა აღწერა თხზულებაში „მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“. ნაწარმოებში აღწერილია კონსტანტინოპოლი, ათონის ივერთა მონასტერი, იერუსალიმი, ალექსანდრია, სინის მთა, ვენა, პოლონეთის, მოლდავეთისა და რუსეთის ქ-ები, ხალხთა ზნე-ჩვეულებები, ვაჭრობა-მრეწველობა და სხვ. მეცნ. თვალთახედვისა და ერუდიციის წყალობით გ-ის ნაშრომს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოგზაურული ჟანრის თხზულებათა შორის.

თხზ.: მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა, პლ. იოსელიანის გამოც., თფ., 1852.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ხარაძე კ., ათი წელი მოგზაურობაში, თბ., 2013.

ს. ცაიშვილი