გედევანიშვილი შალვა მიხეილის ძე

გედევანიშვილი შალვა მიხეილის ძე (23. II. 1897 თბილისი, – 21. I. 1990, იქვე), კინორეჟისორი, მსახიობი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში; გატაცებული იყო თეატრით (ა. თაყაიშვილთან, ზ. ვალიშევსკისთან და რ. მამულიანთან ერთად თავის ბინაში დააარსა შინაური თეატრი). 1917 გაიწვიეს ჯარში. დემობილიზაციის შემდეგ (1919) გაემგზავრა პარიზში, სწავლობდა სორბონის უნ-ტის იურიდიულ ფაკ-ტზე (დაამთავრა 1924). პარიზში ყოფნისას მუშაობდა რეჟისორის ტექნიკურ ასისტენტად და სტატისტად ა. ჰანსის, რ. კლერის, ა. კავალკანტის, ი. პროტაზანოვის ფილმებზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1926-იდან მუშაობდა „საქართველოს სახკინმრეწვში“ რეჟისორ-პრაქტიკანტად კ. მარჯანიშვილთან. სხვადასხვა წლებში იყო მ. ჭიაურელისა და ნ. შენგელაიას ასისტენტი. ვ. ტაბლიაშვილთან ერთად დადგა მიუზიკლი „ქეთო და კოტე“ (1948). დამოუკიდებლად გადაიღო ფილმი „ზვიგენის კბილი“ (ო. ჩიჯავაძის ამავე სახელწ. მოთხრობის მიხედვით, 1959). 1950-იდან მოღვაწეობდა ანიმაციურ კინოში, შექმნა ნახატი ფილმები: „ნაზიკო“ (1950), „ბეკეკა“ (1953), „ყურშა“ (ვ. ბახტაძესთან ერთად, 1953), „ნიკო და სიკო“ (პირველი ქართული თოჯინური ფილმი, 1962), „გმირი ერთი საათით“ (1964), „როგორ წარმოიშვა სახლი“ (1965), „ეშმაკის ჯვარცმა“ (1967), „საღებავთა აჯანყება“ (1968), „ყოჩაღი ბაკური“ (1969), „ლურჯა“ (1970), „კალეიდოსკოპი“ (1971), „მებაღე“ (შ. ჭავჭავაძესთან ერთად, 1975), „ოქროსფერთმიანი მზეთუნახავის მოტაცება“ (კ. მაცაბერიძესთან ერთად, 1979). როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: „საბა“ (1929), „უკანასკნელი მასკარადი“ (1934, ორივეს რეჟ. მ. ჭიაურელი), „მაგდანას ლურჯა“ (რეჟ-ები თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955), „უყაიმო თამაში“ (რეჟ. ი. ქავთარაძე, 1966), „ლონდრე“ (რეჟ. თ. მელიავა, 1966), „გათენების წინ“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1971), „მთვარის მოტაცება“ (რეჟ. თ. მელიავა, 1973), „სინემა“ (რეჟ. ლ. ელიავა, 1977), „სათადარიგო ბორბალი“ (რეჟ. ა. დარსაველიძე, 1978), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (რეჟ. ლ. აბაშიძე, 1980), „მე დავბრუნდები“ (რეჟ. მ. თავაძე, 1982), „მაცივარში ვიღაც იჯდა“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1983), „ჩემი დეიდა დუდუ“ (რეჟ. ი. კვირიკაძე, 1984), „ბატონი ავანტიურისტები“ (რეჟ. ბ. ჩხეიძე, 1985), „ჭა“ (რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1988). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. კერესელიძე