გედეონ I

გედეონ I გენათელი (ლორთქიფანიძე) (გ. 1682), გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1660–82, დაახლ. 1660–64 – ნიკორწმინდელი. გ. I-მა შეძლო ოსმალთა ბატონობის შედეგად გელათის დაკნინებული მეურნეობის ნაწილობრივ აღდგენა. გელათს შეუძინა ცარიელი მიწები და დაასახლა გლეხებით. 1668 მდ. ჭიშურაზე ააგო ხიდი, შეუდგა მეორე ხიდის აგებას მდ. წყალწითელაზე, მაგრამ ვერ დაამთავრა. იმერეთის სამეფო ტახტისათვის ბრძოლაში მხარს უჭერდა მეფე ბაგრატ IV-ს და უპირისპირდებოდა ტახტის მოცილე დარეჯან დედოფალს. 1669 ბაგრატ IV-მ ელჩად გაგზავნა რუსეთში მეფე ალექსი მიხეილის ძესთან. მოსკოვში გ. I-ს, როგორც ბაგრატ IV-ის პოლიტიკის დამცველს, დაუპირისპირდა დარეჯან დედოფლის მომხრე ქართვ. ბატონიშვილი ნიკოლოზი (შემდგომში ერეკლე I), რ-მაც შეძლო გ. I-ის პიროვნების კომპრომეტირება რუს. მეფის თვალში. 1672 დეკ-ში გ. I კირილეს მონასტერში გადაასახლეს. 1676 სექტ-ში დაბრუნდა დას. საქართველოში. გ. I-ის მწიგნობრული მოღვაწეობიდან შემონახულია მხოლოდ ერთი ხელნაწერი სახარება – სამოციქულო, რ-იც მისი დაკვეთით გადაუწერიათ (ხელნაწ. ინ-ტი, H – 895).

წყარო: დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წგ. 1, ს. კაკაბაძის გამოც., თბ., 1921.

ლიტ.: ლომინაძე ბ., გელათი, თბ., 1955.

ბ. ლომინაძე