გედეონ II

გედეონ II გენათელი (ჩხეიძე), გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1717–33, პაპუნა II რაჭის ერისთავის ძე. გ. II მონაწილეობდა შინაფეოდ. ომებში: გამოდიოდა იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა თავის ძმას შოშიტა III-ს, რაჭის ერისთავს. დაახლ. 1733 ალექსანდრე V-მ თავის მხარეზე გადაიბირა. გ. II-მ თავი დაანება მღვდელმთავრობას, მეფისაგან წყალობად მიიღო ბარში საერისთავო მამული და ამის შემდეგ ბარის ერისთავად იწოდებოდა.

წყარო: დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წგ. 1, ს. კაკაბაძის გამოც., თბ., 1921; ვახუშტი, საქართველოს ისტორია, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.

ბ. ლომინაძე