გედსამანიის ქედი

გედსამანიის ქედი, ქედი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის კრისტალურ მასივზე, მდ-ების ჩხერიმელისა და ძირულის წყალგამყოფი. ქედის თხემი მოსწორებულია, უმაღლესი წერტილია ტყემთა (1497 მ). კალთები დანაწევრებულია ჩხერიმელისა და ძირულის მრავალრიცხოვანი ღრმა ხევ-ხეობებით. ქედის აგებულებაში ძირითადია პალეოზოური და კამბრიულისწინა კრისტ. ქანები – გრანიტები, კრისტ. ფიქლები და სხვ., კრისტ. სუბსტრატი გამსჭვალულია უფრო ახალგაზრდა ინტრუზიული ქანების ძარღვებით. ქედის თხემზე შემორჩენილია ძვ. პენეპლენი. გ. ქ. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (წიფელი, წაბლი, მუხა, რცხილა), აქა-იქ შემორჩენილია ფიჭვის კორომები.

დ. უკლება