გიორგი ერისთავის თეატრი

გიორგი ერისთავის თეატრი, ქართული პროფესიული თეატრი (1850–56), ეროვნული რეალისტური თეატრ. ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვანი კერა.

დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გ. ერისთავმა. პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წ. 2(14) იანვ. თბილ. I გიმნაზიის სააქტო დარბაზში სცენისმოყვარეთა ძალებით, გ. ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით. წარმოადგინეს მისივე პიესა „გაყრა“. ეს თარიღი XIX ს. 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართ. თეატრის დღე.

1851 თბილისში მუშაობა დაიწყო გ. ერისთავის მიერ ჩამოყალიბებულმა პირველმა პროფ. დასმა. მასში შედიოდნენ მსახიობები: ნ. უზნაძე, გ. დვანაძე, გ. ტატიშვილი, ი. ელიოზიშვილი, რჩეულიშვილი, გ. ჯაფარიძე, გ. კორძაია, ზ. ანტონოვი და სხვ. თეატრთან მუდმივად თანამშრომლობდნენ საზ. მოღვაწეები და მწერლები: მ. თუმანიშვილი, ი. კერესელიძე და სხვ. იდგმებოდა გ. ერისთავის, ზ. ანტონოვის, ა. მეიფარიანის, გ. ჯაფარიძისა და სხვათა ორიგინ., აგრეთვე თარგმნილი და გადმოკეთებული პიესები.

მეფის მთავრობამ დასს ყოველწლიური ფულადი დახმარება დაუნიშნა, რადგან ვარაუდობდა, რომ იგი ცარიზმის ინტერესებს დაექვემდებარებოდა, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ თეატრი ეროვნულ იდეებს ქადაგებდა და ბატონყმობის წინააღმდეგაც გამოდიოდა, დაიწყო მისი შევიწროება. 1854 გ. ერისთავი იძულებული გახდა თეატრისათვის თავი დაენებებინა. თეატრი დაიხურა 1856.

ლიტ.: გ ე რ ს ა მ ი ა  ს., გიორგი ერისთავის თეატრი, თბ., 1950; გ უ ნ ი ა  ვ., ქართული თეატრი (1879–1889), თბ., 1889; Бухникашвили Г. В., Театр Георгия Эристави, Тб., 1947.

გ. ბუხნიკაშვილი