გელათის მოზაიკა

გელათის მოზაიკა, ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი (1125–30). ამკობს გელათის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქს. ძირითადად კარგად არის შემონახული. დაზიანებულია მხოლოდ კომპოზიციის ქვედა ნაწილი. ჩამოცვენილი კენჭების ადგილი განახლებულია XVI ს-ში. მოზაიკისა და ფრესკის ამგვარი შერწყმა საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. აქეთ-იქით მთავარანგელოზები გაბრიელი და მიქელი უდგანან, რ-თაც საკოსი და ლორონი აცვიათ და ცალ ხელში სფერო უჭირავთ, მეორეში – ლაბარუმი. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი სამოსი აცვია. სამოსის ნაოჭები მოშავო-ლურჯია და მუქი ტონები რბილად გადადის განათებული ნაწილებისაკენ. სახის კონტური მწვანე კენჭებით არის შემოწყობილი. წარბებისა და ცხვირის ჩრდილები ნუშისფერია. წარბები და თვალის ჭრილი შავი, მწვანე და რუხი კენჭებითაა შემოწერილი. ყრმას ოქროს ქიტონი აცვია, ნაოჭები შესრულებულია აგურისფერი კენჭებით. ჰიმატიონიც ოქროსფერია. ყრმის სახე ღვთისმშობლის სახეზე უფრო მუქია, რაც კონტრასტს ქმნის ბრწყინვალე სამოსთან და მკაცრ იერს ანიჭებს ყრმას. მიქელ მთავარანგელოზს აცვია კაშკაშა მწვანე საკოსი და ფერადი ქვებით მორთული, მდიდრულად მოქარგული ლორონი. გაბრიელ მთავარანგელოზის ტანსაცმელი შედარებით ერთფეროვანია. მოზაიკის მთელი ფონი შესრულებულია მჭიდროდ მოწყობილი ფერადი სმალტისა და ადგილ. კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხი კენჭებით. კომპოზიციის ყველა დეტალი, პლასტიკურიც და ფერადოვანიც, გულმოდგინედ არის მოფიქრებული. გ. მ. დავით აღმაშენებლის ეპოქის მონუმ. ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი გემოვნებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებია.

ა. ჩხარტიშვილი