გედსამანია

გედსამანია, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევის თემში (იმერეთის რეგიონი), გედსამანიის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. უხადის (ძირულის მარცხ. შენაკადი) ორივე ნაპირას. ზ. დ. 720 მ, ხარაგაულიდან 45 კმ, ძირულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 33 კმ. 313 მცხ. (2014).

გ. პირველად XIII ს. ერთ ხელნაწერში მოიხსენიება. ძველად გესამანია (ზოგჯერ-გეთსამანიაც) ეწოდებოდა. 1737 შედგენილ დას. საქართვ. რუკაზე აღნიშნულია „გესამანიის საყდარი“. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) მოხსენიებული აქვს „...მონასტერი გეთსამანია, გუნბათიანი, კეთილშენი, საწინამძღურო“. გესამანიის მონასტერი თავის ყმა-მამულს ფლობდა, ყმები ძირითადად სოფელ გესამანიიდან იყვნენ. მონასტრის ყმებს საეკლ. სამსახურის გარდა ლაშქრობა-ნადირობა ევალებოდათ, როგორც სამეფო ვალდებულება. გ-ის მონასტერი ისტ. ხეფინისხევის საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა.

დღეისათვის შემორჩენილია ეკლესია, რ-იც XIX ს-ში ძირფესვიანადაა გადაკეთებული. იგი დგას ძვ., უფრო დიდი ეკლესიის ადგილზე, ეს არის ძირითადად აგურით ნაგები დარბაზული შენობა, რ-ის წყობაში გამოყენებულია ტუფის ქვის კვადრებიც (ალბათ ძვ. ეკლესიის ნაშთი). ეკლესიის ქვეშ ეგვტერია. გარს უვლის კირით ნაგები ქვის გალავანი. გ-შია აგრეთვე შუა საუკუნეების „ტბეთის წმ. გიორგის“ და ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიები.

ლიტ.: ბერაძე თ., ხეფინის ხევი გვიანფეოდალურ ხანაში, «ძეგლის მეგობარი», 1976–77, № 43–44.

თ. ბერაძე