გერონტოლოგია

გერონტოლოგია - (ბერძნ gerontos - მოხუცი და logos - სიტყვა, მოძღვრება), სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერებების დარგი; შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმის დაბერების პროცესებს და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს. დარგის შემადგენელი ნაწილებია - გერიატრია, გერონტოფსიქოლოგია, სოციალური გერონტოლოგია და გეროჰიგიენა.    გერიატრია - (ბერძნ. geronto - მოხუცი, iatrike- მკურნალობა), გერონტოლოგიის ნაწილი რ-იც  შეისწავლის ხანდაზმული ადამიანების დაავადებებს და მკურნალობას. მიმართულია ასაკთან ასოცირებული დაავადებების პრევენციასა  და მკურნალობაზე. სწავლობს როგორ ავიცილოთ თავიდან ან ვუმკურნალოთ დაავადებებს, რ-იც  ხშირია ასაკოვან ადამიანებში. გერონტოფსიქოლოგია - შეისწავლის ხანში შესულთა და მოხუცთა ფსიქიკასა და ქცევას. სოციალური გერონტოლოგია -ტერმინი პირველად გამოიყენა კ.  ტიბიტსმა (Cl. Tibbitts) 1954 წ, გერონტოლოგიის იმ სფეროს აღსაწერად, რ-იც სწავლობს სოც. და სოციოკულტურული პირობების გავლენას დაბერების პროცესსა და მის შედეგებზე.  იკვლევს სოც.ურთიერთობების გავლენას ხანდაზმულებზე, მათი საჭიროებების   ხელმისაწვდომობასა  და  შესაძლებლობას.გეროჰიგიენა სწავლობს უფროსი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანის ჰიგიენას.

გ. ორიენტირებულია იმ ბიოლ., ფსიქოლ., სოც. და პოლიტ. ფაქტორების გააზრებაზე, რ-იც გავლენას ახდენს ხანდაზმული ადამიანების ცხოვრებაზე. იგი მოიცავს დაბერების პროცესს, დაწყებული ასაკთან დაკავშირებული უჯრედული პროცესების შესწავლით და აღწერილობით, დამთავრებული ხანდაზმული ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიებით. გ.იყენებს სხვა მეცნიერებისა და სამედ.დისციპლინის მეთოდოლოგიას. კვლევების მიზანია შეისწავლოს დაბერების პროცესის არსი - არა მარტო სიცოცხლის გახანგრძლივების, არამედ ხანდაზმულ ასაკში შეზღუდული შესაძლებლობების მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

 გ.-ის პრობლემები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა: (1) სოც. და ეკონომიკური პრობლემები, რაც გამოწვეულია მსოფლიოს მოსახლეობაში ხანდაზმულთა რიცხვის გაზრდით; (2) დაბერების ფსიქოლოგიური ასპექტები,რ-იც  მოიცავს ინტელექტუალურ წარმოდგენას და პიროვნულ ადაპტაციას; (3) დაბერების პათოფიზიოლოგიური საფუძვლები და დაავადებები; (4) დაბერების ზოგადი ბიოლ. ასპექტები.

საქართველოში დარგის განვითარება დაკავშირებულია გ. ფიცხელაურის, ვ. ჟღენტის, ი. ტატიშვილის, ნ. ჯავახიშვილის, თ. დეკანოსიძის, ნ. ყიფშიძის,  ს. დალაქიშვილის, ნ. სალამატინას, ო. გერძმავას და სხვათა სახელებთან. 1959  საქართველოში დაფუძნდა გერონტოლოგთა საზ.-ბა, რ-იც მიზნად ისახავს სამედ. საზოგადოებაში გერონტოლოგიის და გერიატრიაში დაგროვილი ცოდნის დანერგვას. პრობლემის მოსაგვარებლად სამედ. კადრების მოზიდვას. 1969  საქართველოს მეცნ.  აკადემიის ა. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლ. ინ-ტში შეიქმნა გერონტოლოგიის განყ-ბა, ხოლო 1970  ამავე განყ-ბის ბაზაზე - საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული გერონტოლოგიის საკოორდინაციო საბჭო. საბჭომ შეიმუშავა დღეგრძელობის ფენომენის პოპულაციური კვლევის პროგრამა, რ-ის ფარგლებში განხორციელდა ერთობლივი სამეცნ. კვლევები აშშ-ს, ბულგარეთის,  იაპონიის, უკრაინის, უელსის, რუსეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის წამყვან სამეცნ. ცენტრებთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (პროგრამა „კარდიაკი“).

საქართველოში გერონტოლოგიისა და გერიატრიის აქტუალურ საკითხებზე ჩატარებულია  სამი სამეცნიერო კონფერენცია (1975, 1982, 1990) , ერთობლივი საერთაშ. სიმპოზიუმი აშშ-სთან (1980, 1982), საერთაშორისო კონფერენცია „დაბერების და დღეგრძელობის საკითხებზე“ (1986,1988), საერთაშორისო სიმპოზიუმი დაბერების ციტოგენეტიკის საკითხებზე (1997), კონფერენცია მოსახლეობის დაბერების სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე (1975, 2000, 2002, 2004,2016).        

ქართველი გერონტოლოგები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამებსა და ღონისძიებებში. საქართველოს დღეგრძელთა დელეგაცია იაპონიის პარლამენტის მიწვევით იმყოფებოდა ტოკიოში, მსოფლიო გამოფენაზე „ექსპო 2005", იტალიის მთავრობის მიწვევით - რომსა და მილანში. მოხუცთა საერთაშორისო წელს (1999),  ქართული გერონტოლოგიის დამსახურება გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მადლობის სერთიფიკატით აღინიშნა. 2015  წელს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა- „მოსახლეობის დაბერების პოლიტიკა საქართველოში“.  

ს. დალაქიშვილი