გაბიჩვაძე რევაზ კონდრატეს ძე

გაბიჩვაძე რევაზ კონდრატეს ძე [1913. 11.VII. თბილისი - 1999. 9.VI. მოსკოვი], კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1967).

1935 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ი. ტუსკიას კლასი), 1938 – ასპირანტურა (ბ. არაპოვის ხელმძღვანელობით). 1938–80 თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1963-იდან პროფესორი). საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი (1941–43). 1948–52 საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი. 1980-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 1982–87 საკავშ. კომპოზიტორთა სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

გ-ის შემოქმედების დამახასიათებელი თვისებებია მაღალი პროფესიული კულტურა, თანამედროვე მუსიკის ტექნოლ. აქტ. გამოყენება და მისი შერწყმა ეროვნ. ელემენტებთან.

მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: ოპერა „ნანა“ (1957; დაიდგა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1960); ბალეტები: „ჰამლეტი“ (შექსპირის მიხედვით, 1970, დაიდგა იქვე, 1971; აგრეთვე ქ. როსტოკში, გერმანია, 1977), „მედეა“ (ევრიპიდეს მიხედვით, 1975, დაიდგა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1978), „კაცი, რომელიც იცინის“ (ვ. ჰიუგოს მიხედვით, 1986); ოპერეტა „ჭრიჭინა“ (1952, დაიდგა ეკატერინბურგის მუსკომედიის თეატრში, 1953); ორატორიები: „ვეფხისტყაოსანი“ (1938), „Cantus humanus” [კურტ ბარტელის (კუბა) პოემის მიხედვით, 1979, როსტოკის ოლქის (გერმანია) პრემია (1980)], 9 სიმფონია სხვადასხვა საშემსრულებლო შემადგენლობისათვის (1963–84). გ-ს ეკთვნის აგრეთვე კონცერტები ვიოლინოსა და სიმფ. ორკესტრისათვის (1946), ჩელოსა და ორკესტრისათვის (1950), მრავალი კამერულ-საკრავიერი ნაწარმოები, მ. შ. „ორი ფაქტურა“ კამერული ორკესტრისათვის (1969), 9 ვარიაცია ნონეტისათვის (1971), 3 სიმებიანი კვარტეტი (1945, 1955, 1963,), 2 საფორტეპიანო სონატა (1964, 1976), სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1977), 7 მიკროსონატინა ფორტეპიანოსათვის (1975), 4 საფორტეპიანო სონატინა (1975, 1976, 1977, 1978) და სხვ. კამერულ-ვოკალური (მ. შ. ციკლი „ჭეშმარიტება და სიყვარული“ ა. პუშკინის ლექსებზე, 1978) და საგუნდო ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამ. სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: ბალანჩივაძე ე., საბჭოელი კომპოზიტორის ახალი ნაწარმოები, «საბჭოთა ხელოვნება», 1973, № 1; Орджоникидзе Г., Р. Габичвадзе. Симфония, წგ.: Советская симфония за 50 лет. [Л., 1967].

მ. გედევანიშვილი