გაგუა ამირან თევდორეს ძე

გაგუა ამირან თევდორეს ძე (დ. 27. XII. 1930, სოხუმი), მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართვ. სახ. არტისტი (1989).

1951 დაამთავრა სოხუმის მუს. სასწავლებელი (ვოკალის კლასი, ხელმძღვ. ნ. ბოკუჩავა), 1956 – თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია (დავით ანდღულაძის კლასი), სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა კონსერვ. საოპერო სტუდიის წარმოდგენებში. შეასრულა ახალგაზრდა ბოშას პარტია რახმანინოვის ოპერა „ალეკოში“, ლენსკის პარტია პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“ და სხვ. კონსერვ. დამთავრებისთანავე (1956-იდან) ჩაირიცხა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე შესრულებული აქვს ლირიკული ტენორის თითქმის ყველა წამყვანი პარტია, რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩევა კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ბარონი როზენი (ა. ბუკიას „არსენა“), პუშკინი (დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“), ჰერცოგი, ალფრედი (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“), ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი“), რუდოლფი (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“), ერნესტო (გ. დონიცეტის „დონ პასკუალე“), ტამინო, დონ ოტავიო (ვ. ა. მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, „დონ ჟუანი“), სალოსი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“) და სხვ.

გ-ს აქვს ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა, სცენური ოსტატობა. მისი შესრულებით ფირმა „მელოდიაში“ ჩაწერილია ოპერა „ქეთო და კოტე“.

გასტროლებს მართავს საზღვარგარეთ.