ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. რიონის აუზში. აღმ-ით ესაზღვრება ონის, სამხრ.-აღმ-ით – საჩხერისა და ჭიათურის, სამხრ-ით – ტყიბულისა და წყალტუბოს, დას-ით – ცაგერის, ჩრდ-ით – ლენტეხის მუნიციპ-ები. ფართ. 1139,2 კმ². მოსახლ. 9,1 ათ. კაცი (2014), თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში (2015– 19) მოსახლეობის რიცხოვნობა 16%-ით გაიზარდა (10,6 ათ. კაცი). ცენტრი – ქ. ამბროლაური, რ-იც თბილისიდან დაშორებულია 280 კმ-ით, უახლოესი რკინიგზის სადგურიდან (ტყიბული) – 39 კმ-ით. მუნიციპ-ში არის 1 ქალაქი, 1 დაბა (ხარისთვალა), 69 სოფელი, 18 თემი: ბუგეულის, ველევის, ზნაკვის, იწის, ლიხეთის, ნამანევის, ნიკორწმინდის, სადმელის, სხვავის (ცენტრი – შუა სხვავა), ღადიშის, ცახის, წესის, ჭელიაღელის, ჭრებალოს, ჭყვიშის (ცენტრი – ზედა ჭყვიში), ხვანჭკარის, ხიდიკრის (ცენტრი – კვაცხუთი), ხოტევის. თვითმმართველობის ორგანოებია: ამბროლაურის მუნიციპ-ის მერია და საკრებულო. მუნიციპალიტეტს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ისტორიული ცნობა. ა. მ. ისტორიული ქვემო რაჭის დიდ ნაწილს მოიცავს. მასში შედის ისტ. ადმ.-ტერ. ერთეულები: ტოლის ხევი, ბარეულის ხევი, ზნაკვის ხევი, სადმელის ხევი, სხვავის ხევი, ხოტევის ხევი, ლუხუნის ხეობა. შუა საუკუნეებში იგი თაკვერის საერისთავოში შედიოდა, შემდეგ კი – რაჭის საერისთავოში. გვიანდ. შუა საუკუნეებში აქ საწულუკიძეო, საყიფიანო და საიაშვილო სათავადოები ჩამოყალიბდა. ტერიტორიულად იგი XIX ს. II ნახევარში შექმნილ ამბროლაურის საპოლიციო უბანს ემთხვევა. 1930-მდე ახლანდ. ა. მ-ის ტერიტ. რაჭის მაზრაში შედიოდა, 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად.
ბუნება. ა. მ. შედის კავკასიონის სამხრ. ფერდობის ნაოჭა ზონაში, რ-იც ძირითადად აგებულია იურული და ცარცული თიხაფიქლებით, კირქვებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და მესამეული თაბაშირიანი თიხებით. რელიეფი უმეტესად საშ.- და მაღალმთიანია. სამხრ.-აღმ-ით და სამხრ.-დას-ით საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, რ-ის ჩრდ. კალთა ა. მ-ში შედის. ჩრდ-ით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი (მთავარი მწვერვალები: სამერცხლე, ჭუთხარო, კარეტა, ლუხუნისწვერი), ხოლო აღმ-ით – მდ-ების ლუხუნისა და საკაურის წყალგამყოფი ქედი. დას-ით მუნიციპ-ის ფარგლებშია ლეჩხუმისა და რაჭის ქედების განშტოებები. მუნიციპ-ის ყველაზე დაბალი ნაწილი უჭირავს რაჭის (ამბროლაურის) ქვაბულის ფსკერს (500 მ). რელიეფის ჩამოყალიბებაში ტექტონ. და ეროზიულ პროცესებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეოთხეულმა გამყინვარებამ. მაღალ ქედებზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძვ. გამყინვარების ნიშნები (კარები, ცირკები და სხვ.). მუნიციპ-ისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები. მდ. ლუხუნის ხეობაში არის დარიშხანის საბადო (ამჟამად დაკონსერვებულია), მოიპოვება ქვანახშირი, თაბაშირი, მანგანუმი. უხვადაა სამკურნ. მინერ. წყალი (სოფ. ურავი, ჭრებალო, აბანოეთი, გორისუბანი, ლიხეთი, ხიდიკარი).
ჰავა დაბალ ზონაში ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული, ამბროლაურის ქვაბულში ზაფხული ცხელია. საშ. წლ. ტემპ-რა 8,9°C%-ია, იანვ. საშ. ტემპ-რა ქვაბულის ფსკერზე –0,3°C-მდეა, ხერგაში (ნიკორწმინდასთან) – 4,8°C-მდე, მაღალმთიან ნაწილში – უფრო დაბალი. აგვ. საშ. ტემპ-რა ქვაბულში 22,1°C-ია, ხერგაში 17,6°C; აბსოლ. მინიმუმი –40°C, აბსოლ. მაქსიმუმი 40°C. ნალექები დაბალ- და საშუალომთიან ზონაში 1000–2180 მმ წელიწადში, მაქს. გაზაფხულზეა (მაისი), მინ. – ზამთარში (იანვ.). მდ. რიონის ხეობაში გაბატონებულია დას. და აღმ. ქარები, ზოგჯერ ქრის მშრალი, თბილი ქარი (ფიონები). მუნიციპალიტეტი მდებარეობს 9-ბალიანი მიწისძვრის ზონაში.
მთავარი მდინარე რიონი მუნიციპ-ის ტერიტორიაზე 40 კმ-ზე მიედინება და თითქმის შუაზე ყოფს მას. მდინარის ხეობა სოფლებს კვაცხუთსა და წესს შორის შევიწროებულია (სიგანე 20–25 მ) და ცნობილია ხიდიკრის კლდეკარის სახელით. რიონის მარცხ. შენაკადებია კრიხულა, ზნაკურა, შარეულა; მარჯვ. – ლუხუნი, რიცეულა და ასკისწყალი. მდ-ები უმთავრესად საზრდოობენ მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლებით, ნაწილობრივ – მყინვარებით; წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში. არის პატარა ტბები: ჭელიაღელე და საწურბლია (ნაკარევი). შექმნილია შაორის წყალსაცავი.
მუნიციპ-ში ჭარბობს კორდიან-კარბონატული ნიადაგი. მისი ვრცელი მასივებია რიონის მარცხ. მხარეს, სოფლებს წესსა და სორს შორის. მთიან ზონაში დიდ ფართობზე ტყის ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგია. სუბალპ. და ალპ. ზონაში მთა-მდელოს კორდიანი, ხოლო რიონის ხეობის დაბალ ტერასებზე ალუვიური ნიადაგებია.
ა. მ-ის ტერიტორიის დაახლოებით 65,3% დაფარულია ტყით. რიონის ხეობის ქვედა ნაწილში გავრცელებულია კოლხ. ტყეები მარადმწვანე ქვეტყით. მთების ქვედა კალთებზე გაბატონებულია წიფლნარი, შერეულია რცხილა, წაბლი, მუხა და ნეკერჩხალი. მარადმწვანე ჯიშებს გარდა, ქვეტყეში იზრდება თხილი, ზღმარტლი, იელი, მოცვი და სხვ. ტყეში მრავლადაა გარეული ხილი, პანტა, მაჟალო, თამელი, კუნელი, ძახველი. მაღალმთიან ადგილებში წიწვოვანი ტყეებია. აქა-იქ ურევია უთხოვარი. უფრო მაღლა სუბალპ. და ალპ. მდელოებია.
ა. მ-ში გავრცელებულია ჯიხვი, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, გარეული კატა, კურდღელი, ტყის თაგვი, ძილგუდა, კავკ. ციყვი, ალთაური ციყვი (აკლიმატიზებული). იშვიათად გვხვდება ფოცხვერიც. მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო. მუნიციპ-ში მრავლადაა მწყერი, ზარნაშო, ბუ, კოდალა, ყვავი, ჩხიკვი, შაშვი, ჩხართვი; გველი, გომბეშო, ტბის ბაყაყი. მდ-ებში იცის კალმახი, წვერა და სხვ.
ძირითადი ლანდშაფტები: 1. ქვაბული კოლხ. მცენარეულობით ალუვიურ და კორდიან-კარბონატულ ნიადაგებზე; 2. დაბალი მთა-ტყის ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარით და წიფლნარ-წაბლნარით კორდიან-კარბონატულ და ყომრალ ნიადაგებზე (ზოგან კარსტული); 3. საშუალო მთა-ტყის ლანდშაფტი წიფლნარით და წიფლნარ-მუქწიწვოვნებით კორდიან-კარბონატულ და ყომრალ ნიადაგებზე (ზოგან კარსტული); 4. მაღალმთის მთა-მდელოს (სუბალპ. და ალპ.) ლანდშაფტი მთის მდელოს ნიადაგებზე (ზოგან კარსტული).
მოსახლეობის უმეტესობა ქართველები არიან, უმნიშვნელო რაოდენობით ცხოვრობენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 400–800 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 8 კაცი 1კმ²-ზე (2014), მათგან 19% ცხოვრობს ქალაქში, ხოლო 81% – სოფლად.
ეკონომიკა. მუნიციპ-ის ეკონომიკის ძირითადი დარგებია: სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მევენახეობა) და მრეწველობა (ენერგეტიკა, გადამამუშავებელი).
სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მევენახეობა, მებაღეობა და მეცხოველეობა, ნაწილობრივ განვითარებულია მეფუტკრეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები. მუნიციპ-ის მთელი ფართობის დაახლ. 14% (15 923 ჰა) უჭირავს სას.-სამ. სავარგულს. აქედან კერძო საკუთრებაა 4864 ჰა, სახელმწიფო საკუთრება – 11059 ჰა.
უმთავრესად მოჰყავთ მარცვლეული კულტურები. მრავალწლოვანი კულტურებიდან მთავარია ვაზის, ყინვაგამძლე ვაშლისა და მსხლის ნარგავები, ა. მ. მეღვინეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზას წარმოადგენს. ადგილობრივი უნიკალური ვაზის ჯიშებია „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“, რ-თაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“. მეცხოველეობა სახორცე-სარძეო მიმართულებისაა. შაორის წყალსაცავში აშენებენ თევზს. რეგიონში ტრადიციულად განვითარებულია მეღორეობა. ღორის ხორცის ბოლში გამოყვანილი ნაწარმის დამზადებას ემსახურება საწარმო „რაჭული ლორი“ (1917), რ-იც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ტექნიკით.
მრეწვ. ძირითადად წარმოდგენილია გადამამუშავებელი და კვების საწარმოებით. მუნიციპ-ში ფუნქციონირებს ხილის გადამამუშავებელი ქ-ნა „გეოფლაუერი“ (2018), რ-ის მიერ გარეული და კულტურული ხილისგან (ვაშლი, მსხალი, ძირტკბილა, ასკილი, ქლიავი, ქაცვი, ველური მოცვი და სხვ.) წარმოებული ჩირი იგზავნება გერმანიაში, „მარტინ ბაუერის“ ფირმაში. „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კოოპერატივი „ველიშორი“ ხელს უწყობს კაკლის ხეებით რეგიონის განაშენიანებას. კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“ აწარმოებს თაფლს, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერს და ჭეოს.
ა.მ-ში ფუნქციონირებს 4 ღვინის ქ-ნა: შპს „ქართული ღვინის სახლი რაჭაში“, შპს „როიალ ხვანჭკარა“, შპს „ალექსანდროული“, შპს „ხვანჭკარა“ და 13 მარანი.
პროექტის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ „ქვაბტკრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამბროლაურში აშენდა მტკნარი წყლის ჩამოსასხმელი ქ-ნა.
მუნიციპ-ის ტერიტორიაზე მუშაობს 1 ჰიდროელექტროსადგური „რიცეულჰესი“ (სიმძლავრე 61 მგვტ.).
ამბროლაურში კვებისა და სავაჭრო ობიექტები წარმოდგენილია ინდივიდუალური საწარმოების სახით. ფუნქციონირებს 5 თანამედროვე ტიპის რესტორანი და ფართოვდება სასტუმროების ქსელი. არის ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 6 სასტუმრო, 28 საოჯახო სასტუმრო და 2 ჰოსტელი, სოფლად კი – 36 საოჯახო სასტუმრო. ა. მ. 100%-ით ელექტროფიცირებულია. ამბროლაური სრულად გაზიფიცირებულია. მოწყობილია გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი ამბროლაური–ჭრებალოს, ამბროლაური–წესის მიმართულებით (25 კმ). გაზიფიცირებულია 11 სოფელი. საქართველოს სახელმწიფო დაფინანსებით (პროექტის ღირებულება 10 მლნ. ლარი) ამბროლაურში გაიხსნა აეროპორტი (2017). 1100- მეტრიანი ასაფრენი ზოლით და 50 მგზავრზე გათვლილი ტერმინალით.
მუნიციპ-ის ტერიტორიაზე არ გადის სარკინიგზო ხაზი, ამიტომ სატრანსპ. სისტემაში მთავარ როლს საავტ. ტრანსპორტი ასრულებს. აქ გადის საავტ. გზები: ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილი და ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაური.
ინფრასტრუქტურა და ტურიზმი. მუნიციპ-ის ტერიტორიაზე მრავლად არსებული ისტ. ძეგლები (მ. შ. არქიტექტურული ღირებულების 103 ძეგლი) და სხვ. სიძველეები იძლევა ტურიზმის განვითარების საუკეთესო პოტენციალს. მუნიციპ-ში ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და სადმელი-რიცეულას, ნიკორწმინდა-ჭელიშის, ხოტევი-სხარტალის და ზემო კრიხი-სხვავას ტურისტული ბილიკები. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მოხდა ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაცია. 15 სოფელში მოეწყო დასასვენებელი ადგილები, სატრანსპორტო და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ბილიკები ტურისტული ნიშნულებით.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ამბროლაურში ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ძეგლთა დაცვის სამსახური, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, დ. თორაძის სახ. სამუსიკო და უ. ჯაფარიძის სახ. სამხატვრო სკოლები, ასევე კოლეჯი „ერქვანი“, სადაც ახალგაზრდობა ეუფლება სხვადასხვა სახის სპეციალობას. არის 14 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, 22 საჯარო სკოლა (11 – ზოგადი განათლების, 11 – საბაზო). გერმანული ორგანიზაციის „DW INTERNATIONAL -ის“ და ამბროლაურის მერიის მხარდაჭრით ფუნქციონირებს ახალი საგანმანათლებლო ცენტრი, რ-ის მიზანია ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება და პროფ. კადრების აღზრდის ხელშეწყობა.
ა. მ-ში არის 29 ბ-კა (საბიბლიოთეკო ფონდი შეადგენს 95805 წიგნს), 6 სასოფლო კლუბი, ფოლკლორული ანსამბლები: „საგალობელი“, „თეატრონი“, „იავნანა“ და საესტრადო ანსამბლი „Art New Life“. სოფლებში აბასა და ველევში განთავსებულია ასევე მუზეუმები. მუნიციპ-ში ფუნქციონირებს დახურული და ღია სპორტული ობიექტები, ქ. ამბროლაურში კი – ა. ვაჩაძის სახ. საფეხბურთო სტადიონი (გათვლილია 200 მაყურებელზე), 3 სპორტული დარბაზი (საჭიდაო, კალათბურთის და კარატეს), ასევე ამბროლაურის საცურაო აუზი, რ-იც ერთდროულად 30 მომხმარებელს იტევს. საჭიდაო დარბაზია სოფ. ჭრებალოშიც.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი (2014, სახელმწიფო საკუთრება), რ-იც 2011-იდან ფუნქციონირებდა შპს „მედიქალ პარკი საქართველოს“ სახელწოდებით. ა. მ-ში გახსნილია 21 ამბულატორია, 2018-იდან კი (საზ-ბის მოთხოვნით) ამოქმედდა ფსიქიატრიული კაბინეტი. მუნიციპ. მდიდარია თერმული წყლებით (ლიხეთი, ურავი, აბანოეთი, ბუგეული, სხვავა, ქვემო თლუღი, ჭრებალო), რ-ებიც ეფექტურ შედეგს იძლევა რევმატიული და ძვალსახსროვანი დაავადებების სამკურნალოდ. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. აღსანიშნავია: კლდისუბნის კომპლექსი (ეკლესია – IX–X სს., შუა საუკუნეების ციხე); ეკლესიები – ლეკნარის წმ. გიორგისა (IX – XI სს.),
სოფ. ზედა შავრის მახლობლად, ზემო კრიხის (X და XI სს.), ტბეთის (X–XI სს.), გორისუბნის (XI ს. I ნახ.), პატარა ონის (XI ს. დასაწყ.), ნიკორწმინდის (1010–14), ლაბეჭინის (XII ს.), ბუგეულის (XVI ს.), ბეთლევის (XV ს.) ბარაკონის (1753); შუა საუკ. ციხეები – კვარასციხე, „მინდა ციხე“, ხოტევის, ხიმშის, ხვანჭკარის, ამბროლაურის, პატარა ონის, ჭყვიშის და სხვ.
მ. უთმელიძე
დ. ბერძენიშვილი