გაბრიაძე რევაზ ლევანის ძე

გაბრიაძე რევაზ (რეზო) ლევანის ძე (29. VI. 1936, ქუთაისი, – 6. VI. 2021, თბილისი), სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი, რეჟისორი, მხატვარი, მოქანდაკე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). შოთა რუსთაველის და სსრკ სახელმწ. პრემიების ლაურეატი (ორივე – 1989).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1964) და სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (1967). პირველი ნაწარმოები - იუმორისტული კინომოთხრობა „ფოროსის მარმარილო“ ‒ საფუძვლად დაედო სცენარს ფილმისთვის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (რეჟ. ე. შენგელაია, 1968). კინორეჟისორ გ. დანელიასთან ერთად ფრანგი მწერლის, კ. ტილიეს რომან „ბიძაჩემი ბენჟამენის“ მიხედვით დაწერა სცენარი ფილმისთვის „არ იდარდო!“ (1969), სადაც მოქმედება საფრ. სამხრეთიდან მე-19 ს. საქართველოში გადმოიტანა. კომედიების ‒ „სერენადას“ (მ. ზოშჩენკოს მოთხრობა „სერენადას“ მიხედვით; რეჟ. ქ. ხოტივარი, 1968) და „ქვევრის“ (ლ. პირანელოს ნოველა „ქვევრის“ მიხედვით; რეჟ. ი. კვირიკაძე, 1970) სცენარებში სიტუაციები და გმირები ოსტატურად მოარგო ქართულ სინამდვილეს და ეროვნულ ხასიათს. კლასიკური ლიტერატურისა და ფოლკლორის ფაბულაზე დაყრდნობით შექმნა სიუჟეტი კომედიისთვის „შერეკილები“ (რეჟ. ე. შენგელაია, 1973), რ-იც ქართული ზღაპრის სიბრძნეს ეფუძნება.

პოპულარობით სარგებლობდა გ-ის სატელევიზიო მინიატიურების სერია „გზა“ („სამი მანეთი“, „თერმომეტრი“, „შაბათ საღამოს“, „ნიძლავი“; რეჟ. რ. შარაბიძე, 1975), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (რეჟ. ა. დარსაველიძე, 1977), „პეპელა“ (რეჟ-ები: ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1977), „სამი სასიძო“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1977). თვითონვე არის რამდენიმე ფილმის („კავკასიური რომანსი“ 1975, „ლიმონის ტორტი“, 1977) რეჟისორი.

მისი სცენარებით გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი კინოკომედიები: „ფეოლა“ (1970), „ვალსი მთაწმინდაზე“(1975), „იღბალი“ (1980; სამივეს რეჟ. ბ. წულაძე), „თეთრი ქვები“ (1972), „წყარო გზის პირას“ (1974), „მოხეტიალე რაინდები“ (1975, სამივეს რეჟ. თ. ფალავანდიშვილი), „კიბე“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1975), „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ (რეჟ. გ. პატარაია, 1976), „სათადარიგო ბორბალი“ (რეჟ. ა. დარსაველიძე, 1978), მხატვრული ფილმი „დიუმა კავკასიაში“ (რეჟ. ჰ. ჰაჟკასიმოვი, 1979, რუსეთი), ანიმაციური ფილმი „საზამთრო“ (რეჟ. კ. სულაკაური, 1974).

მისივე მონაწილეობით შეიქმნა სცენარები გ. დანელიას ფილმებისთვის „მიმინო“ (ვ. ტოკარევასთან ერთად, 1976), „ქინ-ძა-ძა“ (1986); „პასპორტი“ (1991; იმავე წელს რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ საუკეთესო სცენარისათვის) თავისივე სცენარით დადგა მარიონეტული ტელეფილმი „კოჯრის ტყის სიზმრები“ (1979). გ-ის მოგონებებისა და ნახატების საფუძველზე შეიქმნა ანიმაციური ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ (სცენარის ავტორი და დამდგ. მხატვარი რეჟ. ლ. გაბრიაძე, 2017. რუსეთის ეროვნ. ანიმაციური პრემია „იკაროსი“ საუკეთესო სცენარისათვის, 2018).

მზა ფაბულისა და ჩამოყალიბებული ჟანრული ფორმების „თამაშით“ გ-მ შექმნა თავისი განუმეორებელი მხატვრული სამყარო. მისი შემოქმედება გამოირჩევა თავისუფალი ფანტაზიით, პოეტურობითა და გულთბილი იუმორით. მის დრამატურგიაში კომედიურის თავისებურებას ნათელი სევდითა და მელოდრამატული ინტონაციებით შეფერილი ექსცენტრიკის, პაროდიის, ზღაპრული ჰიპერბოლისა და ანეკდოტის ნაზავი განაპირობებს.

2016 მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ა. გვენცაძე

მ. კერესელიძე