ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გაშენებულია მდ. ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე შავი ზღვის სანაპირო ზოლის 108,7 ჰა-ზე, ზ. დ. 0-220 მ, ქ. ბათუმის ცენტრიდან 9 კმ-ში. ბ. ბ. ბ. სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზ.-გეოგრ. პირობებით ხასიათდება. არცთუ შორეულ წარსულში მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.
1881 საინტროდუქციო სამუშაოები ჩაატარა ერთ-ერთმა პირველმა მოაგარაკემ, მ. დ’ალფონსმა. კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთი ინიციატორი იყო გეოგრაფი, ბოტანიკოსი და მოგზაური პ. ტატარინოვი, რ-მაც ბათუმის სანაპიროს 10 ჰა ფართობზე შექმნა ე. წ. საკლიმატიზაციო ბაღი (1892), რ-იც ბაღის „ზედა პარკის“ სახელითაა ცნობილი.
ბ. ბ. ბ. დაარსდა 1912 რუსი ბოტანიკოსისა და გეოგრაფის, პროფ. ა. კრასნოვის ინიციატივით, 71 ჰა ფართობზე, შემდეგ ბაღს შეუერთდა უფრო ადრე გაშენებული პარკები. ბაღის განაშენიანებაში დიდი წვლილი მიუძღვის ი. გორდეზიანს. ბაღში შედის 3 პარკი – ქვედა, ზედა და ზღვისპირა (სადაც მცენარეები დეკორ. ნიშნითაა განლაგებული), კოლხური ტყის ნაკრძალი (დაცულია აჭარის ფლორის რელიქტები და ენდემები) და ლანდშაფტურ-გეოგრ. პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყ-ბა: აღმ. აზიის, ჰიმალაის, ჩრდ. ამერიკის, მექსიკის, სამხრ. ამერიკის, ავსტრალ., ახალი ზელანდიის, ხმელთაშუა ზღვისა და ამიერკავკასიის (მცენარეები განლაგებულია მათი წარმოშობის ანუ სადაურობის მიხედვით). ბაღის ცოცხალ მცენარეთა კოლექცია მოიცავს მერქნიან მცენარეთა 2037 ტაქსონომიურ ერთეულს. აქ განსაკუთრებით კარგად არის წარმოდგენილი აღმ. აზიისა და ჩრდ. ამერიკის მცენარეები, შედარებით ღარიბად – ახ. ზელანდიისა და სამხრ. ამერიკისა. ბაღში იზრდება ისეთი საინტერესო ეგზოტიკური მცენარეები, როგორიცაა: კანფეტის ხე, საპნის ხე, მარადმწვანე სეკვოია, მამონტის ხე, მეტასეკვოია, არაუკარიები, იაპონური ქაღალდის ხე, ქოლგისებრი ფიჭვი, მექსიკური რბილწიწვა ფიჭვი, მტირალა ტაქსოდიუმი, ამბრის ხე, ჭაობის კვიპაროზი, კამელია, მანიჰოტი, ავოკადო, ლაქის ხე, კემპბელის მაგნოლია, მარადმწვანე მუხები, ინდოეთის იელი, ევკალიპტი, ბამბუკი და სხვ. აქვეა კავკ., კერძოდ კოლხეთის მესამეული პერიოდის რელიქტები: უნგერნისა და პონტოური შქერები, ხემარწყვა, წყავმაზა, პონტოური მუხა და სხვ.
ბ. ბ. ბ. ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას მცენარეთა ინტროდუქციის, კონსერვაციის, ადგილობრივი ფლორის დაცვის, დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის, მცენარეთა დაცვის, მეხილეობა–სელექციის, ეკოგანათლებისა და ტურიზმის მიმართულებით. ბაღის პერსონალი ჩართულია ფუნდამენტური ხასიათის თეორიულ და ექსპერ. კვლევით პროექტებში.
ბ. ბ. ბ. სას.-სამეურნეო და ბიოლოგიური ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვანი კერაა. მას კავშირი აქვს 150-ზე მეტი ქვეყნის ბოტანიკურ ბაღთან, უნ-ტებთან და სხვა სამეცნ.-კვლ. დაწესებულებასთან. 1998-იდან ბ. ბ. ბ. მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშ. საბჭოს (BGCI) წევრია. ბოტანიკური ბაღი გამორჩეულია მდიდარი საჰერბარიუმო ფონდითა და სამეცნ. ბიბლიოთეკით.
2012 ბაღის ასწლოვანი იუბილე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა და 2013 მაისს, საერთაშ. სამეცნ.-პრაქტ. კონფერენციით დასრულდა.
2012 საფუძველი ჩაეყარა გოდერძის ალპური ბაღის დაარსების იდეას, რ-იც აისახა აჭარის არ სივრცითი მოწყობის სქემის ხედვითი ნაწილის დოკუმენტში: „ზეკარის ალპური ბოტანიკური ბაღის“ დაარსების წინაპირობების, საჭიროებებისა და პერსპექტივების შესახებ. იდეის ხორცშესხმა დაიწყო 2016 ბ. ბ. ბ-ის მიერ. გოდერძის ალპური ბაღის მისიაა ხელი შეუწყოს მაღალი მთის ადგილობრივ მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ალპურ ბაღში, მათ დოკუმენტაციას და გამოყენებას სამეცნ., საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებისათვის, უზრუნველყოს საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა კონსერვაცია. გოდერძის ალპური ბაღი მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარა-თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, კურორტ „გოდერძთან“ ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე. მას 9,6 ჰა ფართობი უკავია და ზ. დ. 1960 მ მდებარეობს. ტერიტორია მრავალფეროვანი ჰაბიტატებით გამოირჩევა, აქ წარმოდგენილია ტყის, მდელოს, ტბის, ჭაობისა და ქვიანი ეკოტოპი. გოდერძის ალპური ბაღის მცენარეთა კოლექცია აბორიგენული სახეობებითაა წარმოდგენილი. ამჟამად ალპური ბაღის ტერიტორიაზე არსებობს ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე.
დ. ხარაზიშვილი