აჯამეთის სახელმწიფო აღკვეთილი, ერთ-ერთი სახეობის დაცული ტერიტორია, მდებარეობს ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდ. რიონის მარცხ. სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ყვირილისა და ხანისწყლის (მდ. რიონის შენაკადები) აუზებში ზ. დ. 150–200 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 230 კმ, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ არის დაშორებული.
1928 ქუთაისის სატყეო ნაწილის 20 ჰა ნაკრძალად გამოცხადდა, 1935 კი აჯამეთის ტყის მასივის ბაზაზე აჯამეთის ბოტანიკური ნაკრძალი შეიქმნა, რ-საც 1946 მიენიჭა სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი. მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების – იმერეთის მუხისა და ძელქვის – შენარჩუნება იყო. 1951 აჯამეთის ტყეების დაცული სტატუსი გაუქმდა და ტერიტორია გადაეცა საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების სატყეო ინდუსტრიის მართვის მთავარ სამმართველოს. 1957 სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმავე სამმართველოს ფარგლებში აღადგინეს სახელმწ. ნაკრძალის სტატუსი.
1959 ვარციხის სატყეო უბანი ბაღდათის სატყეოდან და სვირის უბანი ხარაგაულის სატყეოდან გადაეცა სახელმწ. ნაკრძალს და იგი 4,800 ჰა გახდა. 2007 აჯამეთის ტყეებს მიენიჭა აჯამეთის აღკვეთილის სტატუსი, რ-იც დღესდღეობით არსებული საზღვრების ფარგლებშია და მისი საერთო ფართობია 5117 ჰა. ტყით არის დაფარული 4738 ჰა, მათგან მუხნარს უკავია 4723 ჰა, რცხილნარს – 93 ჰა, ხოლო ჯაგრცხილას – 23 ჰა ფართობი. აღკვეთილის ტერიტორიაზე პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული კოლხური ტიპის ტყეში გავრცელებული იმერული მუხისა და ძელქვის ძველი კორომები. აღკვეთილის ტყეში ხშირად გვხვდება 100-წლიანი მუხები, ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელსაც კი აღემატება. აქ დენდროფლორა 60 სახეობითაა წარმოდგენილი, მათგან 7 მერქნიანი სახეობა კავკასიის ენდემია. ქვეტყე წარმოდგენილია შქერით, ზღმარტლით, ასკილითა და კუნელით. აღკვეთილში 157 სახეობის სოკო იზრდება.
საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებიდან აღკვეთილის ტერიტორიაზე გვხვდება მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტები – იმერული მუხა (Quercus imeretina) და ძელქვა (Zelcova carpinifolia); სხვა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან აღსანიშნავია პასტუხოვის სურო, დათვისთხილა, თელა, თელამუში, ლაფანი, კაკალი და სხვ.
აჯამეთის აღკვეთილი არ გამოირჩევა ფაუნის მრავალფეროვნებით, ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია: კურდღელი, მელა, ტურა, ციყვი, დედოფალა, მაჩვი, შველი (აღკვეთილის მკვიდრი ყველაზე დიდი ცხოველი), მ. შ. 16 ენდემური სახეობის წვრილი ძუძუმწოვარია: აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა (Talpa caucasica), გრძელკუდა კბილთეთრა (Crocidura gueldenstaedtii), მეჰელის ცხვირნალა (Rhinolophus mehelyi), ჩვეულებრივი ფრთაგრძელი (Miniopterus schreibersii), ჩვეულებრივი ციყვი (Sciurus vulgaris) და სხვ. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული ცხოველებიდან გვხვდება მცირე მეღამურა, კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ღნავი (ტყის ძილგუდა) და კავკასიური წავი;
აღკვეთილის ტერიტორიაზე ფრინველთა 90 სახეობაა აღრიცხული, მ. შ. მუხნარში მობუდარი ოცდაერთი სახეობაა, დანარჩენი ფრინველები კი გადაფრენის პერიოდში ან გამოზამთრებისას ჩნდებიან. ამფიბიებიდან გვხვდება: ტრიტონის 4, ბაყაყების 6 (მ. შ. კავკასიური ჯვარულა და კავკასიური გომბეშო) სახეობა; ქვეწარმავლების 19 სახეობიდან ბოხმეჭა, ართვინის ხვლიკი, წითელმუცელა ხვლიკი, აჭარული ხვლიკი, ასევე სავარაუდოდ გველგესლები და ამიერკავკასიური მცურავი კავკასიის ენდემური სახეობების ქვეწარმავლებია. აჯამეთს და მის შემოგარენს კარგი ეკოტურისტული პოტენციალი გააჩნია.
შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს კულტურული და სამანქანო-სათავგადასავლო ტურები საირმისა და ზეკარის უღელტეხილების მიმართულებით.
ხ. წიკლაური