ბუნების დაცვა, ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს დედამიწაზე ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმის არსებობისათვის აუცილებელი გლობალური სასიცოცხლო პირობების შენარჩუნებას.
ბ. დ. ემსახურება მიწის (ნიადაგის), წყლის, ატმოსფერული ჰაერის, მცენარეულობის, ცხოველთა სამყაროსა და გარემოს დანარჩენ კომპონენტთა მოვლა-პატრონობას, შენარჩუნებას, აღდგენასა და მათ რაციონალურად გამოყენებას. ბ. დ-ს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ექცეოდა ყურადღება. თამარ მეფის სიგელში „შეწირულების სიგელი თამარ მეფისა გელათისადმი“ (1188; ზოგიერთი წყაროს მიხედვით 1189), მოხსენიებულია ტყის მცველთუხუცესი; ალექსანდრე მეფის წყალობის სიგელში ავთანდილ ზევდგინიძისადმი (1430) გვხვდება ტყის მცველი; ეს ტერმინი ასევე მოხსენიებულია დავით ნარინის 1261 სიგელში (ტყის მცველთუხუცესთან ერთად), „ჴელმწიფის კარის გარიგებაში“, (XIV ს.) 1348–1400 სამართლის ძეგლში „ძეგლი ერისთავთა“. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა წყლისა და საძოვრის დაბინძურებისთვის.
საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ერთ-ერთ უფლებად აღიარებულია გარემოს დაცვის (ამ ტერმინით ჩანაცვლდა ბოლოდროს ბ. დ.) უფლება – ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით; დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ; ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება აღიარებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციით, რ-იც „ორჰუსის კონვენციის“ სახელით არის ცნობილი. კონვენცია ამოქმედდა 2001 წ. 30 ოქტომბრიდან, საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართვ. პარლამენტის 2000 წ. 11 თებერვლის დადგენილებით. 1992 რიო-დე-ჟანეიროში გამართულ „დედამიწის სამიტზე“ მიიღეს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ე.წ. რიოს სამი კონვენცია: ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია (UNCBD), კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია (UNFCCC) და გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენცია (UNCCD). ისინი ავალდებულებენ მხარე ქვეყნებს სხვადასხვა ქმედებებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანწილად გაითვალისწინონ ეკოლოგიური ფაქტორები. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის მხარე ქვეყანა საქართველო გახდა 1994 წ. 31 აგვისტოდან. კონვენციის ფარგლებში, საქართვ. ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, შეიმუშაოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის სტრატეგია და მოქმედების გეგმა. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაეროს ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994. კონვენცია საქართველოს ავალდებულებს მოამზადოს და წარადგინოს შეტყობინება სათბურის გაზების ინვენტარიზაციის შესახებ. 1999 წლის 21 ოქტომბრიდან საქართველო გახდა „გაუდაბნოებასთან ბრძოლის“ კონვენციის მხარე. კონვენციის ფარგლებში საქართველომ განავითარა მოქმედებათა ეროვნ. პროგრამები, რ-თა მიხედვით გაუდაბნოებისადმი მოწყვლად რეგიონებად ჩაითვალა: კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების“ ფარგლებში, კლიმატის ცვლილების საკითხებთან მიმართებაში, საქართველო ვალდებულია მოამზადოს რიგი დოკუმენტები და მოახდინოს ეროვნ. კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სახელმწ. პოლიტიკას გარემოს დაცვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროებში, ნერგავს მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებს, ეწევა გარემოს დაბინძურების მონიტორინგს, არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგს, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნადირობის, თევზჭერისა და სატყეო სფეროში სახელმწ. პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას და სხვ. სახელმწ. ბუნებრივი რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს საქმიანობის ან სარგებლობის ლიცენზიას, ან ნებართვას, (გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით). „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართვ. სახმელეთო ტერიტ-ზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი საქართვ. ეროვნ. სიმდიდრეა. წიაღით სარგებლობა ფასიანია და შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე; ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწ. პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს შეიმუშავებს საქართვ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ნავთობის და გაზის გადამუშავების სახელმწ. რეგულირებას კი ახორციელებს სსიპ – ნავთობისა და გაზის სახელმწ. სააგენტო. მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ერთ-ერთი მიზანია გარემოსდაცვითი კონტროლი. საქართველოში 2021 წ. 1 იანვრიდან მოქმედებს 2020 წ. 22 მაისის „საქართველოს ტყის კოდექსი“, რ-იც აწესრიგებს ტყის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საქართველოში ტყე შეიძლება იყოს როგორც სახელმწ., ისე მუნიციპალურ ან კერძო პირთა საკუთრება. საქართველოს ტყის კატეგორიებია: დაცული ტყე, დაცვითი ტყე, საკურორტო და სარეკრეაციო ტყე, სამეურნეო ტყე. კოდექსის მიხედვით, ტყის ფართობზე შეიძლება მოეწყოს თევზისა და სამონადირო მეურნეობა, ასევე ცხოველთა თავშესაფარი და სანაშენე. საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. ნუსხაში შეტანილი სახეობების სტატუსის, გავრცელების არეალის, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესახებ მონაცემებს შეიცავს საქართველოს „წითელი წიგნი“. ამ კანონით ასევე რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წ. 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი საკითხები. საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწ. კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძირითადად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწ. საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. საქართველოს ადმ. სამართალდარღვევათა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსებით გათვალისწინებულია ადმ. და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის.