ბჭე

ბჭე, სადავო საქმის გამრჩევი პირი, მოსამართლე ძველ საქართველოში.

ბ-ეს ჩვეულებრივ მოდავე მხარეები ირჩევდნენ. შესაძლებელი იყო ის მეფეს ან ადგილ. მოხელესაც დაენიშნა. ბ-ის რაოდენობა მოდავეების სურვილზე იყო დამოკიდებული. ბ. უმთავრესად სამოქალაქო საქმეებს, მთაში კი – მძიმე სისხლის სამართლის საქმეებსაც არჩევდა. ისინი ჩვეულებითი სამართლით ხელმძღვანელობდნენ. სასამართლო პროცესი საჯაროდ მიმდინარეობდა. რაკი ბ-ები მოდავეთა სურვილით იყვნენ არჩეული, მათი გადაწყვეტილება მხარეებს უყოყმანოდ უნდა აღესრულებინათ. სადავო საქმის ამ წესით გარჩევას ზოგჯერ „ყაბულობით სამართალს“ უწოდებდნენ. VIII–XVIII სს-ში ბ. ეწოდებოდა როგორც მოდავეთა მიერ ამორჩეულ პირს, ისე მოხელე მოსამართლეს. XVIII ს-იდან ქართლ-კახეთში ბ. უმთავრესად მხარეთა მიერ ამორჩეული მოსამართლის აღმნიშვნელი სახელი იყო. იმერეთის სამეფოში ბ. ძირითადად ეწოდებოდა საქმის გამრჩევ ყოველ პირს, თვით მეფესაც კი. ბ. არაერთგზის გვხდება ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შესულ სამართლის ძეგლებში. სამართალმცოდნე ი. დოლიძე ბ-ს განმარტავს, როგორც მოსამართლეს, მსაჯულს.

ი. სურგულაძე თვლის, რომ ბ-ს ორგვარი შინაარსი აქვს: 1. ზოგადი მნიშვნელობით, მოსამართლეს, მსაჯულს, საქმის გამრჩევს ნიშნავს, 2. ხელისუფლების მიერ დანიშნული პირი (სამეფო მოხელე), ნაკლებად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საქმეების გასარჩევად, XIX ს-დან კი – სოფლის მოსახლეობის მიერ არჩეული პირი. ბ. მედიატორიც იყო. მედიატორს ცალკეული საქმის გასარჩევად ირჩევდნენ მხარეები, ბ-ს კი – ყოველწლიურად. ნ. ურბნელის მოსაზრებით, ბ. გვაროვნული წყობის დასრულების შემდეგ სამედიატორო წარმოების პარალელურად ჩნდება. მას მმართველობა ირჩევდა და არა მომჩივანი და მოპასუხე.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ა  მ., დავის გამრჩევ პირთა სახელწოდებისათვის ძველ ქართულ მწერლობაში (V–X სს.), «მაცნე». ფილოს., ფსიქოლ., ეკონ. და სამართლის სერია, 1972, № 2; მისივე, ტერმინ „ბჭის“ შინაარსისათვის ქართული სამართლის წიგნებში, იქვე, 1973, №4; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ივ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I, თბ. 1952; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, თბ. 1963, ი. დოლიძის გამოც. ტ ყ ე მ ა ლ ა ძ ე  ს., მედიაცია საქართველოში: ტრადიციიდან თანამედროვეობამდე, თბ. 2016.