ბეითალმანი ქონება

ბეითალმანი ქონება (არაბ. ბაით ალმალ – ხაზინა; უპატრონო ქონება), უპატრონო, უმემკვიდრეოდ დარჩენილი ქონება. ქართული სამართლის ისტ. წყაროების მიხედვით, იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახი ისე ამოწყდებოდა, რომ მას არც პირდაპირი და არც გვერდითი ხაზით ნათესავი არ რჩებოდა. ასეთ შემთხვევაში ოჯახის ქონება უპატრონოდ იწოდებოდა. საქართველოს კუთხეების მიხედვით, ქართულ ენაში არის უპატრონო ქონების აღმნიშვნელი რამდენიმე ტერმინი: დაპსებული, გადასული, გადაშენებული, გატიალებული, უპატრონო, გუმოკილერი ოჯახი, მაგრამ ძირითადად, მაინც არაბული წარმომავლობის სიტყვა ბეითალმანი დამკვიდრდა.

როგორც წესი, ბ. ქ-ს ეუფლებოდა მეფე ან ბატონი. საერო პირის ბ. ქ-ს ძირითადად ხელმწიფე განკარგავდა (ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, მ. 113).

საქართველოს მთიან რეგიონებში (ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი) ბ. ქ-ს სალოცავებს გადასცემდნენ. სვანეთში უმემკვიდრეო ოჯახის ქონება ძმებს, შორეულ ნათესავებსა და ხატს შორის ნაწილდებოდა; ბ. ქ-ის გაყოფის დროს მეტი წილი ეკლესიას ერგებოდა. ეპისკოპოსის ბ. ქ-იდან უძრავი ქონება სრულად რჩებოდა ეკლესიას, ხოლო მოძრავი ქონება სამად იყოფოდა.

არსებობდა ბეითალმანობის საქმეთა გამრიგე საგანგებო მოხელე მებეითალმე.

საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით, გარდაცვლილი პირის ის ქონება, რ-ის მიღების უფლება არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეებს (არ არსებობენ ასეთი პირები) არა აქვთ (ის არ მიიღეს მემკვიდრეებმა ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება), გადაეცემა სახელმწიფოს. ასეთ ქონებას უმკვიდრო ქონება ეწოდება. შესაბამისად, ბ. ქ. თანამედროვე კანონმდებლობით უმკვიდრო ქონებაა. ბ. ქ-დ ჩაითვლება ასევე ის ქონება, რ-იც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცხადდება უპატრონო ქონებად იმ პირის მოთხოვნით, ვინც ქონებას დაეუფლა.

წყარო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

ლიტ.: ზ ო ი ძ ე  ბ., ძველი ქართული მემკვიდრეობითი სამართალი, თბ, 2000; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, თბ. 1963, (ტექსტები გამოსცა, გამოიკვლია და ლექსიკონი დაურთო ი. დოლიძემ); ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი  გ., ქართული საოჯახო სამართლის ისტორიიდან, თბ., 1965., ხ ო ფ ე რ ი ა  მ., ოჯახის გაყრის წესები ძველი ქართული სამართლის მიხედვით, სადისერტ. ნაშრ. თბ. 2015.