გამგებელი

გამგებელი (განმგებელი), მმართველი.

ქართულ ისტორიულ წყაროებში გვხვდება როგორც საერო, ისე მაღალი თანამდებობის საეკლესიო პირის, მაგ., მამასახლისის მიერ უფლებამოსილების განხორციელების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. ივ. ჯავახიშვილი თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებიდან („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“) ციტირებს თამარის დროს გაფიცულ დიდგვაროვანთა სიტყვებს: „აღარ ვეგებით ძუელთა ჴელისუფალთა და გამგებელთა საქმისათა ფარმანსა ქუეშე მყოფნი“-ო.

გ-ის შესახებ ცნობები გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადებაშია“ ასახული. საგანგებოდ მთიულეთისთვის მიღებული ამ სამართლის წიგნის მიხედვით, რ-იც საქართველოს სხვა მხარეებშიც გამოიყენებოდა, გ-ის მკვლელობისთვის სასჯელად 6 000 თეთრი და გამაწბილებელი სასჯელი – თავის გადაპარსვა იყო დაწესებული. სამართლის ამ წყაროს მიხედვით, ერისთავის მკვლელობის შემდეგ გ-ის მკვლელობა ყველაზე მკაცრად ისჯებოდა, ამიტომ გ. იერარქიულად ერისთავზე ერთი საფეხურით დაბლა მდგომი პირი უნდა ყოფილიყო.

გ-ად იწოდებოდა შაჰის მიერ გიორგი XI-ის (ქართლის მეფე) ირანში გაწვევის გამო სამეფოში მის ნაცვლად დანიშნული ჯანიშინი ვახტანგ VI.

თანამედროვე გაგებით გ. საქართველოს ადგილ. თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირია. გ-ს, როგორც სოფლის (დაბის, თემის) საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი თანამდებობის პირის, არჩევის წესი, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები დადგენილი იყო ჯერ კიდევ 1991 წ. 29 იანვრის საქართველოს რესპუბლიკის კანონით „გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“.

დღეისათვის მოქმედი ადგილ. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, გ. ხელმძღვანელობს ქ. თბილისის რ-ნების გამგეობებს და ოკუპირებული ტერიტორიების მუნიციპალიტეტების საკრებულოებს. იგი პასუხისმგებელია ქ. თბილისის მერის წინაშე, თანამდებობრივად კი შედის თბილისის მთავრობის შემადგენლობაში. გ-ის უფლებამოსილებაში შედის გამგეობის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა დანიშვნა და გათავისუფლება, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება და სხვ. 1997–2001 გ-ს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა, 2001–06 ზოგიერთ ქალაქში დაბაში, თემსა და სოფელში გ. არჩევითი თანამდებობის პირი იყო, ხოლო 2006-09 იგი საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი საჯარო მოხელე იყო, რ-საც საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავდა საკრებულოს თავმჯდომარე ან ირჩევდნენ საკრებულოს წევრები.

წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, თბ. 1963, ი. დოლიძის გამოც., საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №1.

ლიტ: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 6. თბ. 1982; ტ. 7, თბ. 1984.