გიორგი კედრენე (Geōrgios ho Kedrēnos), XI ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი.
მისი თხზულება „ისტორიული მიმოხილვა“ წარმოადგენს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 1059-მდე, იგი კომპილაციური ხასიათისაა. გ. კ-ს საინტერესო ცნობები აქვს ქართველების შესახებ. აღწერს ლაზიკის ურთიერთობას ბიზანტიასა და ირანთან VI ს-ში; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია X–XI სს-ის ცნობები საქართველოს შესახებ: ბასილი II-ის ლაშქრობები საქართველოში, გიორგი I-ის მეფობა და ბაგრატ IV-ის ბიზანტიასთან ურთიერთობა; ლიპარიტ IV ბაღვაშისა და ბაგრატ IV-ის კონფლიქტები. ეს ცნობები ავსებს და აზუსტებს ქართ. წყაროთა მონაცემებს.
თხზ.: Ioannis Scylitzae ope, ed. I. Bekker, v. 1–2, Bonnae, 1838–39;[წგ.]: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963.
ნ. ლომოური