ბატონი, 1. უმაღლესი სიუზერენი (მეფე) ქართულ ფეოდალურ იერარქიაში; 2. ყმა-გლეხების ფეოდალური მესაკუთრე.
ტერმინი მომდინარეობს სიტყვიდან „პატრონი“.
ივ. ჯავახიშვლის მიხედვით, ქართული ტერმინი პატრონი განსხვავდებოდა რომაული patronus-ისგან. ის არც ბიზანტიურიდან უნდა იყოს შემოსული. ფეოდ. საქართველოში პატრონყმობის ინსტიტუტი უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე სიტყვა პატრონი. ქართულში პატრონის ნაცვლად „უფალი“ გამოიყენებოდა. ეს ტერმინი ქართულ მწერლობაში დამკვიდრდა XV ს-იდან. ბ-ის საპირისპირო ცნებაა ყმა. პატრონი კერძო მესაკუთრესა და მფლობელს, ამასთან, მეფესაც (ხელმწიფესაც) ნიშნავდა. როგორც მეფე ითვლებოდა თავის ქვეშევრდომთა პატრონად, ისე ეს ქვეშევრდომები იყვნენ თავიანთი ყმების პატრონები. ამრიგად, ბ., იგივე პატრონი, როგორც სოციალური, ისე სახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელია და ნიშნავდა როგორც მეფეს, ისე მზრუნველს, მფარველსა და მესაკუთრეს. ბ-ის სტატუსი ყმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. ამით განისაზღვრებოდა მისი მატერიალური სიმდიდრე და ძალა, რადგან ყმები ბ-ის ერთგული თანამებრძოლები იყვნენ. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ (1801) საქართვ. ფეოდალთა კლასმა დაკარგა ადრინდ. პოლიტ. ორგანიზაცია და ბ. აღარ წარმოადგენდა სიუზერენს. იგი მხოლოდ ყმა-გლეხების ფეოდ. მესაკუთრეს ნიშნავდა. ბ. იხმარება აგრეთვე თავაზიანი მიმართვის ფორმად.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).
ნ. შოშიაშვილი