აჯა

აჯა, ჰაჯა (<არაბ. ჰაჯათ), ხელისუფლისადმი მიმართული თხოვნა-ვედრება სამართლის ან რაიმე წყალობის მისაღებად ძველ საქართველოში.

სამართლის მთხოვნელის ა-ს ანუ საჩივარს (გვიანდ. არზა) განიხილავდა სათანადო ხელისუფალი ან სასამართლო დაწესებულება (ერთ დროს სააჯო კარი). ა-ის შედეგად წყალობის მიღება საგანგებო მინიშნებით აისახებოდა საბუთში (მაგ., „...მამულის წიგნსა გვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი... შეგიწყალეთ და გიბოძეთ ...“). წყალობის სიგელის იმ ნაწილს, სადაც თხოვნის მოკლე შინაარსი იყო გადმოცემული, ჰაჯა-მოხსენება ერქვა.

ივ. ჯავახიშვილის ცნობით, „სამართალი სამეუფო“ (უზენაესი სასამართლო), სადაც საქმეებს თვითონ მეფე განიხილავდა, დავით აღმაშენებელმა ცალკე დაწესებულებად აქცია. აქ მეფის ნაცვლად საქმეებს პროფესიონალი მოხელეები – „კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხველი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდეს კურნებასა“ იხილავდნენ. ტერმინ ა-ს (თანამედროვე გაგებით – სარჩელს), უკავშირებს მკვლევარი XII ს-იდან უმაღლესი სასამართლო დაწესებულების, სააჯო კარის ცალკე არსებობას: „«სააჯო კარი» ის სასამართლო დაწესებულება უნდა ყოფილიყო, სადაც მოჩივართა „აჯა“-ს ანუ მეფისათვის მირთმეულ საჩივრებს არჩევდნენ“.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 2 - ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ., 1926; მისივე, ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.7).

ი. ფუტკარაძე