განაჩენი

განაჩენი, სისხლის სამართლის პროცესში – სასამართლო გადაწყვეტილება განსასჯელის დამნაშავეობისა და მისთვის სასჯელის შეფარდების ანდა მისი უდანაშაულობის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ.

საქართვ. რესპ. სასამართლოებს გ. გამოაქვთ საქართვ. რესპ. სახელით. გ. უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული, ყველა მტკიცებულების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გამოტანილი. გ. 2 სახისაა: გამამტყუნებელი და გამამართლებელი. გამამტყუნებელი გ. გამოაქვთ განსასჯელის ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, გამამართლებელი კი მაშინ, თუ დადგენილი არ არის დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუ განსასჯელის ქმედობაში არ არის დანაშაულის შემადგენლობა ან არ არის დამტკიცებული განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში. კანონით დაწესებულია გ-ის დადგენისა და გამოქვეყნების სპეც. პროცედურა.

გ. გამოაქვთ სათათბირო ოთახში საქმის განმხილველ მოსამართლეებს. საკითხი წყდება ხმის უმრავლესობით. გ-ს ხელს აწერს ყველა მოსამართლე, მ. შ. ისიც, რ-საც განსხვავებული აზრი აქვს. გ. საჯაროდ ქვეყნდება. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იგი უნდა აღსრულდეს (გამოცხადებისთანავე აღსრულდება გამამართლებელი და სასჯელისაგან გამათავისუფლებელი გ.). გარკვეული პირობების არსებობისას შესაძლებელია გ-ის აღსრულების გადავადება.

კანონით განსაზღვრულია გ-ის გასაჩივრების, გაპროტესტებისა და გადასინჯვის წესი.

ძვ. ქართ. სამართალში ტერმ. „გ.“ XII ს-იდან დამკვიდრდა და „განჩინებასთან“ ერთად XIX ს-მდე ყოველგვარი საკანონმდებლო აქტის მნიშვნელობით იხმარებოდა. XVI ს-იდან იგი (ხოლო XVII ს. ბოლოდან „განჩინებაც“) სამოქალაქო და სისხლისსამართლის საქმეებზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასაც აღნიშნავდა (ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, 1972, გვ. VI, VII).

მ. ლეკვეიშვილი