გერში

გერში, ჭრილობა და ჭრილობის საზღაური ძვ. ქართულ სამართალში. საზღაურის ოდენობა განისაზღვრებოდა ჭრილობის სიმძიმისა და დაზარალებულის „სისხლის ფასის“ (იხ. „სისხლი“) მიხედვით. დამნაშავე ჭრილობის საზღაურად იხდიდა ან სრულ „სისხლს“. ან მის ნაწილს – ნახევარს, მესამედს, მეოთხედს ანდა მეხუთედს. მხედველობაში იღებდნენ აგრეთვე ჭრილობის ადგილს (უჩინარი და თვალსაჩინო ჭრილობა). დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ითვლებოდა და საზღაურის გადიდებას იწვევდა დაზარალებულის დაჭრა მალულად ან თავდასხმის დროს.

გ. გათვალისწინებულია ბაგრატ კურაპალატის, გიორგი ბრწყინვალისა და ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნებში.

ლიტ.: დოლიძე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953.

მ. კეკელია