გვარამაძე ელენე ლევანის ასული

გვარამაძე ელენე (ლილი) ლევანის ასული (21. X. 1913, თბილისი, – 29. XI. 1991, იქვე), ბალერინა, პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), პროფესორი (1973). საქართვ. სახ. არტისტი (1941). 1922–28 სწავლობდა თბილისში პერინი მარია|მ. პერინის სტუდიაში. ჯერ კიდევ სტუდიაში სწავლის პერიოდში შედგა 14 წლის გ-ის დებიუტი თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (სვანილდას პარტია ლ. დელიბის „კოპელიაში“). დებიუტის წარმატებამ განაპირობა მისი გაგზავნა სასწავლებლად ლენინგრ. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, რ-იც დაამთავრა 1930 (ა. ვაგანოვას კლასი). გ-მ 1934 დაამთავრა აგრეთვე თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. 1930–48 იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი, პარტიები: ფასკუნჯი (ჩ. პუნის „კუზიანი კვიცი“), ტაო-ხოა (რ. გლიერის „წითელი ყაყაჩო“), ოდეტა-ოდილია (პ. ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), კიტრი (ლ. მინკუსის „დონ-კიხოტი“), მარია (ბ. ასაფიევის „ბაღჩისარაის შადრევანი“), ესმერალდა (ჩ. პუნის „ესმერალდა“), სილფიდა („შოპენიანა“), ინდორა (ბ. იანოვსკის „ფერენჯი“), მანიჟე (ა. ბალანჩივაძის „მთების გული“), ციალა (შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“) და სხვ. გ-ის ქორეოგრაფიული ტექნიკა გმირების ფსიქოლ. სამყაროს მხატვრულ-რეალისტურ გამოსახვას ემსახურებოდა. გ-მ ფართოდ გაითქვა სახელი ცეკვა „ქართულის“ შესრულებითაც. მისი ხელოვნება გამოირჩეოდა სინატიფით, გრაციითა და ტემპერამენტით, მაღალი ოსტატობით და ვირტუოზული ტექნიკით. საგასტროლოდ იყო ირანში, ყოფ. სსრკ მრავალ ქალაქში გ. იყო ქართ. საბალეტო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თვალსაჩინო მეცნიერი ხალხური ქორეოგრაფიის დარგში. მან დიდი ამაგი დასდო ეროვნ. საბალეტო რეპერტუარის შექმნას, ქართ. ხალხ. ქორეოგრაფიული საწყისების გამომზეურებას და სისტემაში მოყვანას. 1947-იდან იგი სამეცნ.-კვლევით მუშაობას ეწეოდა ქართ. ქორეოგრაფიული ხელოვნ. დარგში, ხოლო 1961-იდან – ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართვ. თეატრ. ინ-ტში. ამავე დროიდან ინ-ტის თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნ. სექტორის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. გ-მ თარგმნა ა. ვაგანოვას „კლასიკური ცეკვის საფუძვლები“ (თბ., 1941).

თხზ.: ქართული ხალხური ქორეოგრაფია, თბ., 1957; მთაწმინდელი მოცეკვავე, თბ., 1962; О некоторых специфических особенностях грузинского народного танца, М., 1964 (на рус. И англ. Языках); Грузинский танцевальный фольклор, Тб., 1987.

ლიტ.: გიჟიმყრელი მ., ეროვნული ქორეოგრაფიის მეცნიერული შესწავლისათვის, «საბჭოთა ხელოვნება», 1976, № 6.

მ. გიჟიმყრელი