გეჯაძე ირაკლი ალექსანდრეს ძე

გეჯაძე ირაკლი ალექსანდრეს ძე (28. X. 1925, მცხეთა, – VIII. 2002, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). II მსოფლიო ომის მონაწილე.

1957 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ა. მაჭავარიანის კლასი). 1946–52 თბილ. რუსთაველის სახ. დრამ. თეატრის ორკესტრის მსახიობი (მევიოლინე), 1948–52 – თვითმოქმედი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი. 1959-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. IX სამუსიკო სკოლასა და I სასწავლებელში (1963–78 – სასწავლებლის დირექტორი).

მთავარი ნაწარმოებები: ოპერა „განთიადი“ (1960; დაიდგა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1961), მუს. კომედია „ორი რეკორდი“ (1953; დაიდგა თბილ. მუსკომედიის თეატრში, 1954), ორატორია „მარადისობა“ (1982), 2 კონცერტი ვიოლინოსა და სიმფ. ორკესტრისათვის (1969, 1979), სიმფონია რეკვიემი (1975), რეკვიემი სოლისტების, გუნდისა და სიმფ. ორკესტრისათვის (1986), პროგრამული სიმფონია „ვარძია“ (1987), კამერულ-საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1960), „არდადეგები“ (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1962), „ლონდრე“ (რეჟ. თ. მელიავა, 1966), „ცეცხლთან თამაში“, „ხაფანგი“ (ორივეს რეჟ. ა. ნინუა, 1990, 1992) და სხვ.

გ. ტორაძე