გვარაძე ნიკოლოზ სოლომონის ძე

გვარაძე ნიკოლოზ სოლომონის ძე [16 (28). XII. 1883, თბილისი, – 7. VII. 1960, იქვე], მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1950).

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1903 თბილ. ქართ. დრამ. დასში (ა. წერეთლის „პატარა კახში“ შეასრულა ერეკლე II-ის როლი). 1904–06 ქუთაისის ლ. მესხიშვილის დასშია. სხვადასხვა დროს მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა თბილ., ფოთის, სოხ. და ბაქოს ქართ. თეატრებში. რამდენიმე წელი გამოდიოდა თბილ. რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე, სადაც შეასრულა როლები: ბარილდო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), პანტალონე (ხ. ბენავენტეს „ინტერესთა თამაში“), გეურქა (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), აგენტი (გ. რობაქიძის „მალშტრემი“), ჯიმი (ჯ. სინგის „გმირი“) და სხვ. 1931–48 თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხუცია (ს. მთვარაძის „სურამის ციხე“ დ. ჭონქაძის მიხედვით), ყაფლანი (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის „ნაცარქექია“), ჟერონტი (მოლიერის „სკაპენის ოინები“), კარპიჩა (მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“). სხვა როლები: ავეტიკა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), გრუმიო (უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“) და სხვ. მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლები: ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, ს. შანშიაშვილის „ჰერეთის გმირები“, ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“, ლ. ანდრეევის „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“, გ. სუნდუკიანის „პეპო“ და სხვ. 1916-იდან იღებენ კინოში. როლები: ნინია („მამის მკვლელი“, რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, 1923), ვაჭარი („ხანუმა“, რეჟ. ა. წუწუნავა, 1926), ქერიმი („იბრაჰიმი და გოდერძი“, რეჟ. ზ. ბერიშვილი, 1927), თარჯიმანი („ჯანყი გურიაში“, რეჟ. ალ. წუწუნავა, 1928), მოხუცი ოიროტი („ოქროს ბილიკი“, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1945) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: თეატრალური მემუარები, ტ. 1–2, თბ., 1949–52.

ა. გვენცაძე