გვარლიანი მაქსიმე დავითის ძე

გვარლიანი მაქსიმე დავითის ძე (21. XI. 1914, მესტია,–19. I. 1993, იქვე), მთამსვლელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1951). სსრკ ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით კავკასიონსა და პამირის მთიანეთში მოეწყო შემდეგი მნიშვნელოვანი ასვლები: 1937, სამხრ. უშბაზე გულის მყინვარიდან სამხრ.-აღმ. კედლით (გ. ხერგიანის ჯგუფი), ეს ასვლა საბჭ. მთამსვლელობაში მწვერვალების კლდოვანი კედლებით დაპყრობის საწყისი გახდა; 1950, შხელდა–უშბის მწვერვალების ურთულესი ტრავერსი (ხელმძღვ. ი. მარი); 1952; შხარა–რუსთაველის მწვ. – ჯანღა – კათინთაუ–თეთნულდის ტრავერსი. გ-მა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი როგორც მოსიმაღლე მთამსვლელმა. 1954 სამხრ.-აღმ. პამირში მისი ხელმძღვანელობით პირველად დაიპყრეს „გიორგი ნიკოლაძის“, „თეთნულდის მსხვერპლთა ხსოვნის“, „ფრიდრიხ ენგელსის“ მწვერვალები, ხოლო 1955 ჩრდ.-დას. პამირში მეცნ. აკად. ქედზე–მწვერვალი „როსია“. II მსოფლიო ომის დროს, 1942, კავკასიის ფრონტზე სადაზვერვო ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებდა სარდლობის საგანგებო დავალებებს. 1934–65 იყო მესტიის ეთნ. ანსამბლის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

დ. გოზალიშვილი

ბ. გვარლიანი