გვარჯალაძე ისიდორე სილოვანის ძე

გვარჯალაძე ისიდორე სილოვანის ძე (15. V. 1898, სოფ. გონებისკარი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 12. I. 1983, თბილისი), ლექსიკოგრაფი. პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). დაამთავრა თბილ. უცხო ენათა უმაღლესი კურსების ფრანგ. (1927) და ინგლ. (1931) განყ-ბები. 1927-იდან მუშაობდა თბილ. უმაღლეს სასწავლებლებში: იყო თსუ-ის ინგლ. ენის კათედრის გამგე (1947–52), უცხო ენათა ინ-ტის პრორექტორი (1948–52; 1961–66), პროფესორ-კონსულტანტი (1966–83). პირველი ნაშრომი გამოაქვეყნა 1930, პირველი წიგნი – ინგლისური ენის სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლებისა და ტექნიკუმებისათვის – 1934. ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ლექსიკოლოგიისა და უცხოურ ენათა სწავლების მეთოდიკის სფეროში, რ-თაგან აღსანიშნავია ქართულ-ფრანგული (თანაავტორი ვ. ლებანიძე, 1946) და ფრანგულ-ქართული (ტ. 1–2, 1963–64), ინგლ.-ქართული (თანაავტორი თ. გვარჯალაძე, 1975) და ქართულ-ინგლისური (1979) ლექსიკონები, „ინგლისური და ქართული ანდაზები“ (თანაავტორი მ. ქარჩავა, 1951), „ინგლისური ანდაზები და ხატოვანი თქმანი ქართული თარგმანითა და შესატყვისებით“ (1981), „ფრანგული ანდაზები და ხატოვანი სიტყვა-თქმანი ქართული თარგმანითა და შესატყვისებით“ (თანაავტორი კ. მიქელაძე, 1979), ინგლისური და ფრანგული ენის სახელმძღვანელოები, „ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები“ (1957; ი. გოგებაშვილის სახ. პრემია, 1979) და სხვ. 1985-იდან ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. ეროვნ. ინ-ტში დაწესებულია გ-ის სახ. პრემია უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში საუკეთესო ნაშრომისათვის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.