გვასალია ომარ მიხეილის ძე

ო. გვასალია

გვასალია ომარ მიხეილის ძე (31. VIII. 1942, თბილისი, – 21. IV. 1992, იქვე), კინორეჟისორი, სცენარისტი.

დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (ლ. კულეშოვისა და ა. ხოხლოვას სახელოსნო, 1968). ლენინგრადის სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ყველა ჩემი ვაჟიშვილია“ (ა. სტეფანოვიჩთან ერთად, 1968). 1968–70 მუშაობდა საქართვ. დოკუმენტური და სამეცნ. პოპულარული ფილმების სტუდიაში. გადაიღო მხატვრული ფილმები: „დროებითი მოწმობა“ (რეჟ. ა. სტეფანოვიჩთან ერთად, 1972, „მოსფილმი“), „მშვიდობიანი დღეები“ (1974), „იმედის მწვანე კუნძული“ (1978), „მუდმივი მეგობარი“ (1980), „ქართველები ცაში“ (1984), „ალყა“ (1990). დაწერა სცენარი ფილმისათვის „ბედიანი“ (რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1993). წარმატებით მუშაობდა დოკუმენტურ კინოში როგორც სცენარისტი და რეჟისორი. გადაიღო ფილმები: „ნიკოლოზ ბარათაშვილი“( 1968), „ერთი დღე უნივერსიტეტში“ ( 1968), „ჩვეულებრივი დღე“, (1969), „გადასარბენზე“ (1970), „ფრესკა“ (1969), „დიალოგები“ (1976); სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები: „70 შეკითხვა“ (1980), „გაიცანით, ჩვენი შვილები“ (1987), „რამდენიმე სურათი ილიას ცხოვრებიდან“ (1987), „26 საუკუნის განმავლობაში“ (1989). დაწერა სცენარები დოკუმენტური ფილმებისთვის: „პრემიერა“ (რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1977), „ოთხნი მილიონიდან“, (რეჟ. ი. ტრიპოლსკი, 1983), „ინტერვიუ ვახტანგ ჭაბუკიანთან“ (რეჟ. ნ. ლაპიაშვილი, 1989). მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მოგზაურობა სოპოტში“ (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1980). ეწეოდა პედ. საქმიანობას თეატრ. ინ-ტის კინოფაკ-ტზე (1974–91). იყო საქართვ. ტელეფილმების სტუდიის დირექტორი (1983–85). გ. ლევაშოვ-თუმანიშვილთან და რ. ხოტივართან ერთად დააფუძნა კინოფირმა „მთვარის გლობუსი“ (1988).

მ. კერესელიძე