არველაძე შოთა იუსტინეს ძე (დ. 22. II. 1973, თბილისი), სპორტსმენი, ფეხბურთელი, მწვრთნელი. საქართველოს ეროვნ. ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (60 მატჩი, 26 გოლი); ჰოლანდიის ჩემპიონი (1998) და თასის ორგზის მფლობელი (1998, 1999) ქ. ამსტერდამის „აიაქსის“ შემადგენლობაში; შოტლანდიის ორგზის ჩემპიონი (2003; 2005) და ორგზის თასის მფლობელი (2002; 2003) ქ. გლაზგოს „რეინჯერსის“ შემადგენლობაში. თურქეთის თასის მფლობელი (1995) ქ. ტრაპიზონის „ტრაბზონსპორის“ შემადგენლობაში. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1991–95) და ოთხგზის თასის მფლობელი (1992, 1993, 1994, 1995) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. თურქეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ბომბარდირი (1996).
კარიერა დაიწყო თბილისის „მართვეში“ (1990–91; 30 მატჩი, 33 გოლი), შემდეგ თამაშობდა „თბილისის დინამოში“ (1991–95; 75 მატჩი, 62 გოლი), ტრაპიზონის „ტრაბზონსპორში“ (1995–97; 72 მატჩი, 46 გოლი), ამსტერდამის „აიაქსში“ (1997–2001; 96 მატჩი, 55 გოლი), გლაზგოს „რეინჯერსში“ (2001–05; 95 მატჩი, 44 გოლი), ალკმარის „ალკმარ ზანსტრეკში“ (2005–07; 60 მატჩი, 36 გოლი), ვალენსიის „ლევანტეში“ (2007–08; 4 მატჩი). საქართველოს წლის ფეხბურთელი (1994, 1998, 2007). ევროპის კლუბებში გატანილი გოლებით (265) ყოფილ სსრკ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
2008 წ. 3 ივნისს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახ. ეროვნ. სტადიონზე გამართული მატჩით ა. ფეხბურთს გამოეთხოვა. ამ მატჩში ა-ის მეგობრების ნაკრებმა, რ-საც ლ. ვან გაალი ხელმძღვანელობდა და არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობდა საქართველოს ნაკრებს 9:6 მოუგო. ა-მ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 „ალკმარში“, ლ. ვან გაალის თანაშემწედ. თურქული კლუბების, „ქაისერისფორის“(2010—12) „ქასიმფაშას“ (2012–15), „ტრაბზონსპორის“ (2015), ისრაელის „მაკაბის“ (2016–17), ტაშკენტის „ფახთაქორის“(2017–20), ინგლისის „ჰალ სიტის“ (2022), თურქეთის „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ (2023–24) მთ. მწვრთნელი.