გვახარია ალექსანდრე აკაკის ძე

გვახარია ალექსანდრე აკაკის ძე გვახარია ალექსანდრე აკაკის ძე (30. VII. 1929, თბილისი, – 24. IX, 2002, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, ირანისტი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1973), თსუ-ის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე (1987), აზერბ. კულტ. დამს. მუშაკი (1981). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1952). იკვლევდა სპარს. ლიტ-რის ისტ. და ქართ.-სპარს. ლიტ. ურთიერთობათა საკითხებს. აღსანიშნავია მისი მონოგრაფიები: „ვისრამიანი“ (ქართ. კრიტიკული ტექსტი, ვარიანტები, გამოკვლევა და ლექსიკონი, 1962; თანაავტორი მ. თოდუა, რედაქტორი გ. წერეთელი), „ფირდოუსი“ (1963), „საპრსული ხალხური დასთანების ქართული ვერსიები – ბახთიარნამე“ (1968), „ვის ო რამინი“ (სპარს. კრიტიკული ტექსტი, თეირანი, 1970, თანაავტორი მ. თოდუა), „სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან“ (1973), «„ბალავარიანის“ სპარსული ვერსიები» (1985). ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა ქართ., რუს., სპარს. და დას. ევრ. ენებზე. იყო არაერთი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე. თანამშრომლობდა ვეფხისტყაოსნის აკად. ტექსტის დამდგენ კომისიაში, ქართ. ენციკლოპედიის მთ. რედაქციაში, იყო ჟურნ. „მაცნეს“ რედკოლეგიის მდივანი. კითხულობდა სპარს. ლიტ-რის ისტორიის კურსს თსუ-ში, თარგმნიდა სპარსულენოვანი და ტაჯ. მწერლობის ნიმუშებს (ფირდოუსი, ნიზამი, ხაყანი, ს. აინი და სხვ.).

თხზ.: ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, I, თბ., 1995; სპარსული ენის სწავლების ისტორიიდან საქართველოში, თბ., 2019; ქართული ლიტერატურის მოკლე კურსი, თბ., 2019.

მ. შონია