გველები

გველები (Serpentes), ქვეწარმავალთა ქვერიგი (ან რიგი) ქერცლიანების რიგისა (ან ქვეკლასისა). აქვთ წაგრძელებული 8 სმ-იდან 10 მ-მდე ან თითისტარისებური სხეული, მშრალი, ქერცლით დაფარული კანი. კიდურები არ გააჩნიათ. ზედა და ქვედა ქუთუთო ურთიერთშორისაა შეზრდილი გამჭვირვალე აპკით. გულმერკდის ყაფაზი არა აქვთ. მოძრაობისას ნეკნების თავისუფალ ბოლოებსა და მუცლის ქერცლის (ფარების) კიდეებს ეყრდნობიან. ცნობილია გ-ის 2500-მდე სახეობა. დაახლოებით 16% შხამიანია. შხამიანი კბილები აქვთ ზედა ყბის წინა ანდა, უფრო იშვიათად, უკანა ნაწილში (მაგ., საქართველოში გავრცელებული ხვლიკიჭამია და კატისთვალა გ.). განარჩევენ ღარიან და მილიან შხამიან კბილებს. გ. იკვებებიან ცხოველური საკვებით. მსხვერპლს შხამავენ ან გუდავენ და მთლიანად ყლაპავენ. მრავლდებიან კვერცხით ან ცოცხლადშობით. საქართველოში გ. ბინადრობენ ტყეში, ველზე, ნახევრად უდაბნოში, ალპურ ველებზე, მდინარეებში, ტბებში. ყველაზე მეტი რაოდენობით ველზე გვხვდებიან. ვერტიკალურად ვრცელდებიან 2000 მ ზევითაც (რამდენიმე სახეობა). გ-ის უმრავლესობა მიწის ზედაპირზე ცხოვრობს, ზოგიც სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწაში ატარებს (გველბრუცა). საქართველოში გავრცელებულია გ-ის 21 სახეობა. მათგან 4 შხამიანია (ველის, ცხვირრქოსანი, კავკასიური გველგესლები და გიურზა), 2, შხამიანი კბილების თავისებური განლაგების გამო, პრაქტიკულად უვნებელია (კატისთვალა და ხვლიკიჭამია გ.). საქართველოში გავრცელებული შხამიანი და უშხამო გ. გარეგნულად გარკვეულწილად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან – შხამიან გ-ს აქვთ მსხვილი ტანი, სამკუთხა თავი, უფრო მოკლე კუდი. საქართველოს გ. მიეკუთვნებიან 10 გვარს – Typhlops, Eryk, Natrix, Coluber, Elaphe, Coronella, Eirenis, Telescopus, Malpolon, Viperra. ერთი სახეობა (კავკასიური გველგესლა) კავკასიიის ენდემია, 6 სახეობა შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“ (დასავლური მახრჩობელა, ამიერკავკასიური მცურავი, ოთხზოლიანი მცურავი, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, გიურზა).

თ. მუსხელიშვილი