გველეთი

გველეთი, სოფელი ყაზბეგის მუნიციპ-ში (დაბა სტეფანწმინდის თემი), დარიალის ხეობაში, მდ. დევდარაკის (თერგის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1560 მ, ყაზბეგიდან 9 კმ.

ამჟამად მუდმივი მოსახლე არაა.

ჟამთააღმწერელსა (XIV ს.) და „ძეგლი ერისთავთას“ ავტორს (XIV ს.) მოხსენიებული აქვთ გ-ის ფეოდ. ხანის ციხე, რ-საც მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფე დავით VIII-მ 1301 თავი შეაფარა. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ხევის აღწერილობაში იხსენიებს გ-ს და აღნიშნავს, რომ მას ძველად გელათის ხევი ერქვა, ხოლო სოფელთა სიაში ნახსენები აქვს სოფ. გველისთავი. დღეისათვის სოფელში შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები IX–X სს. ერთნავიანი პატარა ეკლესია (ძლიერ დაზიანებულია), რ-იც შემკული იყო XIII–XIV სს. ფრესკებით (მოხსნილია და ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). სოფლის სამხრ-ით 2 კოშკია. ერთი წყლის პირასაა, მეორე – მის ჩრდ.-დას-ით მაღალი კლდის ძირშია მიდგმული.

ლიტ.: შმერლინგი რ., დოლიძე ვ., თბილისიდან კავკავამდე, თბ., 1991.

ჯ. გვასალია