გველესიანი გურამ გიორგის ძე

გველესიანი გურამ გიორგის ძე (23. II. 1928, თბილისი, – 2008), მეცნიერი მეტალურგიის დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1988; წ.-კორ. 1979), საქართვ. მეცნ. აკად. ქიმიისა და ქიმ. ტექნოლ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (1988). ტექ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).

1950 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ქიმ. ფაკ-ტი. 1953–57 მუშაობდა მოსკოვში, სსრკ მეცნ. აკად. ა. ბაიკოვის სახ. მეტალ. ინ-ტში, 1957-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. მეტალ. ინ-ტში, ჯერ უფრ. მეცნ. თანამშრომლად, შემდეგ (1961– 80) მეტალ. პროცესების ფიზ. ქიმიის ლაბორ. ხელმძღვანელად, 1980–88 იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში.

გ-ის სამეცნ. შრომები ეხება მაღალტემპერატურული მეტალ. პროცესების თეორიის აქტუალურ საკითხებს, მყარი არაორგ. ნაერთების თერმოდინამ. კონსტანტებს. გ-ის გამოკვლევები ეძღვნება ლითონების მარტივი და რთული. ჟანგეულების, აგრეთვე ნარევების აღდგენის ფიზ.-ქიმ. საფუძვლების დადგენას. გ-ის ხელმძღვანელობით შესწავლილია მრავალი მსუბუქი, იშვიათი და იშვიათ მიწათა ლითონების ჟანგეულების ვაკუუმში ლითონთერმული აღდგენის თერმოდინამიკა, კინეტიკა, მექანიზმი, ზოგიერთი მძიმე ფერადი ლითონის მარტივი და რთული ჟანგეულების ნახშირჟანგით აღდგენის კანონზომიერებანი, მანგანუმის ფეროშენადნობთა მისაღები კაზმების ნახშირთერმული აღდგენის თეორ. საფუძვლები, მანგანუმისა და მისი შენადნობების დესულფურაციისა და დეფოსფორაციის თეორ. საკითხები, მყარი არაორგ. ნაერთები, განსაკუთრებით იშვიათ მიწათა ლითონების, მარტივი და რთული ჟანგეულების თერმოდინ. ფუნქციები. მონოგრაფიისათვის „ფოსფორთან მანგანუმის ურთიერთქმედების თერმოდინამიკა“ (თანაავტორი, რუს. ენაზე, 1982) მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (1984). შრომათა ციკლისათვის ავტორთა ჯგუფთან ერთად – საქართვ. სახელმწ. პრემია (1993). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ნახევრად გამტარი და დიელექტრიკული მასალების ტექნოლოგია, თბ., 1976 (თანაავტ.); ნახევრად გამტარი მასალების ლაბორატორიული პრაქტიკუმი, თბ., 1977 (თანაავტ.); Закономерности металлотермического восстановления окислов в вакууме, Тб., 1972; Термодинамика кислородных соединений редкоземельных металлов при высоких температурах, Тб., 1983 (თანაავტ.).