გველესიანი დავით ალექსანდრეს ძე

გველესიანი დავით ალექსანდრეს ძე (7. III. 1890, მანგლისი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპ., – 1949, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. სწავლობდა თბილისში „ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების“ ფერწერისა და ქანდაკების სკოლასა (1906–07, პედაგოგი ო. შმერლინგი) და ვაჟთა I გიმნაზიაში (დაამთავრა 1911), მოსკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე (1912–14), აგრეთვე მხატვრების კ. იუონისა და კალინის სტუდიებში. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1929, პედაგოგები გ. გაბაშვილი. ე. ლანსერე, ი. შარლემანი), იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1932–49). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1919-იდან. გ. ხატავდა თბილისის ძვ. უბნებს (ავლაბარი, მაიდანი); ავტორია ფანქრით დახატული სურათების სერიისა „ძველი თბილისი“ (1921–30), რ-იც გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით, დოკუმენტური სიზუსტით და ამავე დროს, პოეტური განწყობილებით. ქმნიდა ქალაქის მცხოვრებთა ყოფის ამსახველ ფერწერულ ტილოებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს. გ-ს ეკუთვნის ილუსტრაციები საბავშვო სახელმძღვანელოებისათვის. მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრები: „ანჩისხატის ეკლესია“ (1920, თბილ. ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმი), „ძველი თბილისი – ნარიყალას უბანი“ (1930), ი. ნიკოლაძის პორტრეტი (1937, ორივე საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი) და სხვ.

ვ. ბერიძე