გველესიანი ლევან გრიგოლის ძე

გველესიანი ლევან გრიგოლის ძე (29. VIII. 1906, ქუთაისი,–16. VI. 1991, თბილისი), მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში. საქართვ. დამს. ინჟინერი (1962), საქართვ. ტექ. უნ-ტის პროფესორი (1971).

დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი (1931), აგრეთვე თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ვიოლინოს კლასი, 1933). უკრავდა საქართვ. ახალგაზრდა მუსიკოსთა საზ-ბის სიმებიან ორკესტრსა და რუსთაველის თეატრის ორკესტრში (1924–35). 1942–71 მუშაობდა თბილ. ნაგებობათა და ჰიდროენერგეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, შემდეგ – დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში. იყო ჰიდრავლ. კვლევის საერთაშ. ასოციაციის საკავშ. ეროვნული კომიტეტის წევრი (1960). გ-ის შრომები ეხება ჰიდროენერგეტ. კვანძების სათავე ნაგებობათა წყალსაცავების დალამვისა და მთის მდინარეთა ნატანის დინამიკის საკითხებს. მან პირველმა დაამუშავა საქართვ. მდინარეთა მყარი ნატანის მახასიათებლების განსაზღვრისა და წყალსაცავების გარეცხვის მეთოდები.

თხზ.: Заиление водохранилищ гидроэлектростанций М., 1968 (თანაავტ. Н. П. Шмальцель).