გველესიანი რომანოზ ნიკოლოზის ძე

გველესიანი რომანოზ ნიკოლოზის ძე (1859, სოფ. შალაური, ახლანდ. თელავის მუნიციპ-ი, – 30. XI. 1884, თბილისი), ფერმწერი და გრაფიკოსი.

1875 დაამთავრა თბილ. გრენადერთა მე-15 პოლკთან არსებული სამხ. სკოლა და 1881-მდე მუშაობდა კავკ. მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სამშენებლო-საგზაო კომიტეტის ტექ. კანცელარიაში. 1879–81 სწავლობდა თბილ. სამხატვრო სასწავლებელში, 1881–84–პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში. გ-ის გრაფიკა რეალისტური სიცხოველითა და ოსტატობით გამოირჩევა. მისი კალმით ნახატი სურათები „აჭარელი“ და „ხევსური“ მხატვრული ძალით მკვეთრად განსხვავდება იმდროინდელი შაბლონური ეთნოგრ. ჩანახატებისაგან. გ. პირველი ქართვ. ხელოვანია, რ-მაც სიმართლით დახატა ძვ. თბილისის ხედები („ავლაბრის ხიდთან“, „მაიდანი“ და სხვ.). მაგრამ ყველაზე მკაფიოდ მისი ნიჭი პორტრეტულ ჟანრში გამოვლინდა. ნატურის მართალი განცდით არის შესრულებული მხატვარ ა. ბერიძის პორტრეტი (1882, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). 1883 გ-მა შექმნა გიგო გაბაშვილის პორტრეტი, აგრეთვე რამდენიმე ჟანრული პორტრეტი („კახელი დოქით“, „თანაკურსელის პორტრეტი“, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), რ-ებშიც ოსტატურად არის გადაწყვეტილი ტიპიზებული ნატურისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულება. „ქართველი გლეხკაცის პორტრეტი“ (1884) დამაჯერებლად გადმოსცემს მშრომელი ადამიანის სახეს და კეთილშობილი ფერადოვანი გამით გამოირჩევა. მხატვრის უკანასკნელი ნამუშევარი – „კონსტანტინე მაღალაშვილის პორტრეტი“ (1884, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი) – დაწერილია თამამი მონასმებით. გ. ახ. ქართ. ფერწერის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისმა მცირერიცხოვანმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართ. რეალისტური ფერწერის განვითარებაში.

ლიტ.: ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961; დუდუჩავა მ., ახალი ქართული ხელოვნება, თბ., 1950.