გველისმთა

გველისმთა, მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდ. განშტოების – კიდეგანის ქედის სამხრ. ნაწილში, მდ-ების ჭიმღისწყლის (არხოტისწყლის შენაკადი), შანდონისა (არმხის შენაკადი) და ნაროვნისწყლის (ჯუთისწყლის მარჯვ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 3970 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით. ფერდობები ციცაბოა, მეტწილად ფლატოვანი, ჩრდ. და აღმ. კალთებზე ცირკული მყინვარებია. ჩამოყალიბებულია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები. გ-ზე პირველად ავიდნენ (1942) ხევსურეთის წვევამდელთა ალპინიადის მონაწილეები (ხელმძღვ. ა. გვალია).

მ. უთმელიძე