გველიჭამია არწივი

გველიჭამია არწივი (Circaëtus gallicus), ფრინველი შავრდნისნაირთა რიგისა. გავრცელებულია აზიაში, აფრიკაში, ევროპაში, კავკასიაში. საქართველოში გვხვდება იშვიათად. ვრცელდება ზ. დ. 2000 მ-მდე. მისი სხეულის სიგრძეა 67–72 სმ, ფრთების შლილი – 160–190 სმ, დედალი მამალზე დიდია. ბინადრობს როგორც ტყეებში, ისე ღია ადგილებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილ-მაისში დებს 1–2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი მორიგეობით. იკვებება ქვეწარმავლებით (მ. შ. შხამიანი გველებით), ამფიბიებით, პატარა ფრინველებითა და მწერებით. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.

რ. ჟორდანია