გველხოკერა

გველხოკერა (Ophisaurus apodus), უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1,5 მ-მდე აღწევს. გავრცელებულია სამხრ.-აღმ. ევროპაში და სამხრ.-დას. აზიაში. გვხვდება აგრეთვე კავკასიასა და შუა აზიაში. ადის ზ. დ. 2000 მ-მდე. საქართველოში თითქმის ყველგანაა. ბინადრობს მთისწინა ველებზე, ბორცვიან რელიეფზე, ტყის პირებზე, ბუჩქნარეში, ბაღებში და ა. შ. კარგად ცურავს, თავს აფარებს მღრღნელებისა და სხვა ცხოველების სოროებს, ხეებქვეშ, ქვის ყორეებს. ალაგ-ალაგ საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ყველაზე უფრო აქტიურია გაზაფხულსა და ადრე ზაფხულში. იკვებება მწერებით, მოლუსკებითა და სხვა უხერხემლოებით, აგრეთვე წვრილი ხერხემლიანებითაც. დებს 6–10 კვერცხს. ნაშიერები იჩეკებიან ივლ. ბოლოდან სექტ. ჩათვლით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს მე-4 წელს. მიუხედავად ძლიერი ყბებისა, დაჭერილი გ. არ იკბინება, კარგად იტანს ტყვეობას და ეჩვევა ადამიანს. მავნებლების განადგურებით სარგებლობა მოაქვს.

თ. მუსხელიშვილი