ბურჭულაძე პაატა შალვას ძე (დ. 12. II. 1955, თბილისი), მომღერალი (ბანი). საქართვ. სახ. არტისტი (1985).
1978 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. ვოკალური ფაკ-ტი (დ. ხელაშვილის კლასი), პარალელურად – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი.
1978–81 სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ „ლა სკალაში“.
1981-იდან თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნ. აკად. თეატრის სოლისტია. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ტარიელი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), მაკარი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), მარკიზი (გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“), მეფისტოფელი (შ. გუნოს „ფაუსტი“, აგრეთვე ა. ბოიტოს „მეფისტოფელი“), მეფე რენე (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“), ბორისი, დოსიფეი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, „ხოვანშჩინა“), ლეპორელო (ვ. ა. მოცარტის „დონ-ჟუანი“), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), რამფისი, ფარაონი, ბანკო, ზაქარია, ფილიპე II, პოგანო, გრაფი ვალტერი (ჯ. ვერდის „აიდა“, „მაკბეტი“, „ნაბუქო“, „დონ კარლოსი“, „ლომბარდიელები“, „ლუიზა მილერი“ და სხვა მრავალი).
ეწევა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას საზღვარგარეთ (იტალია, ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, შვეცია, აშშ, ინდოეთი, იაპონია და სხვ.). გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში (მილანის „ლა სკალა“, ლონდონის „კოვენტ გარდენი,“ მოსკ. დიდი თეატრი და სხვ.). მდიდარია ბ-ის კამერული რეპერტუარიც (მ. მუსორგსკის, ს. რახმანინოვის და სხვ. რომანსები). ბ. თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან (ჯ. კახიძე, კ. აბადო, ჰ. ფონ კარიანი, ლ. მააზელი, ზ. მეტა, რ. მუტი, კ. მ. ჯულინი და სხვ)
იგი ფლობს უნიკალური ტემბრის ხმას, აქვს მდიდარი ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, მაღალი საშემსრულებლო კულტურა, ორიგინ. სცენური ინტერპრეტაციის უნარი.
ბ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მომღერალია. 1984-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა თბილ. კონსერვატორიაში. 1987-იდან საქართვ. მუს. საზ-ბის თავ-რეა.
ბ. 1997-იდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ევროპაში.
ბ. საქართვ. სახელმწ. (1982), ი. გოგებაშვილის სახ. (1991), ზ. ფალიაშვილის სახ. (1991) და შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1992) პრემიების, აგრეთვე მრავალი საერთაშ. კონკურსის ლაურეატია, მ. შ. აღსანიშნავია საერთაშ. კონკურსი „ვერდის ხმები“ (1981, იტალია, ქ. ბუსეტო, II პრემია, პირველი არავისთვის არ მიუნიჭებიათ), მუსიკოს-შემსრულებელთა პ. ჩაიკოვსკის სახ. საერთაშ. კონკურსი (მოსკოვი, 1982, I პრემია), ფილადელფიის (აშშ) ლ. პავაროტის სახ. საერთაშ. კონკურსი (1985, ლაურეატის წოდება მიენიჭა დაუსწრებლად), მარია კალასის სახ. საერთაშ. კონკურსი (1986, გფრ, მაინის ფრანკფურტი, I პრემია);
1986 ქ. ვენაში (ავსტრია) შეიქმნა ბ-ის სახ. კლუბი, რ-იც აერთიანებს მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს (100-მდე წევრი).
ბ. დაჯილდოვებულია საქ. ღირსების ორდენით (2003), წმ. გიორგის ოქროს მედლით (2010), ავსტ. პირველი ხარისხის ჯვარით, ხელოვნ. და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის იტალიის მეორე ხარისხის ორდენით.
არის ,,იუნესკოს" კეთილი ნების ელჩი (2006), გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი (2010).
ბ. საქართველოში დაარსა საერთაშ. ფესტივალი ,,ბრავო" (1998), ასევე დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი ,,იავნანა" (2007) - ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. ამ ფონდის ეგიდით გაიმართა მრავალი საქველმოქმედო კონცერტი საერთაშ. ვოკალურ წრეებში აღიარებული ოსტატების მონაწილეობით.
1987 ბ-ს მიენიჭა ფილადელფიის საპატიო მოქალაქის წოდება და გადაეცა ქალაქის სიმბოლური გასაღები „თავისუფლების ზარი“.
ლ. ესაძე